თარჯიმანი ეკა შარაშიძე:
წლების წინ სასტუმროს მიმღებში ვმუშაობდი.
ერთ დღეს ქართველი ოჯახი შემოვიდა. საუბარში აღმოჩნდა, რომ შვილის ჯანმრთელობის პრობლემის გამო იყვნენ ჩამოსულები, 9 წლის ბავშვს იმ დღეს სმენის აპარატი დაუყენეს.
როცა ვკითხე, როგორ იყვნენ, დედამ ტირილი დაიწყო:
„ჩვენ თბილისში კოლორიტული ოჯახი ვართ, თაობებს არაფერი დაგვიშავებია ღმერთის წინაშე, სანათესაოში კაცი არავის მოუკლავს და ვერ გავიგეთ, რატომ დავისაჯეთ, ასეთი ბავშვი რატომ გვყავსო“.
ეს ყველაფერი მოისმინა 9 წლის ბავშვმა.
აპარატი ჩაუდგეს, და პირველი, რაც მას საკუთარ თავზე მოასმენინეს, იყო ის, რომ მისი არსებობა დედისთვის სასჯელია.
გული გამისკდა. მაქსიმალურად ვეცადე ამეხსნა, რომ ეს ასე არ არის, რომ დაავადება არც სასჯელია და არც ვინმეს ცოდვის შედეგი. ვუთხარი, რომ არსებობს მეცნიერება, მედიცინა და შესაძლებლობა, ბავშვს დაეხმარო.
ეს ყველაფერი ბევრად ადრე მოხდა, ვიდრე დეკანოზი შალვა კეკელია იტყოდა:
„ოჯახებში იბადებიან ინვალიდი ბავშვები… გამოიკვლიეთ კარგად და მიხვდებით, თქვენმა წინაპრებმა რა გააკეთესო“.
მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით მან სიტყვების დაზუსტება სცადა და თქვა, რომ ბავშვები არ არიან „დასჯილები“, პრობლემა ის არის, რომ ეს სტიგმა ძალიან ღრმად ზის საზოგადოებაში.
და ზუსტად ამიტომ არის განსაკუთრებით საშიში, როცა ამას მღვდლები ქადაგებენ.
და ალბათ, იმიტომ არ გამოდის ხალხი ქუჩაში,
ალბათ, იმიტომ არ არის სოლიდარობა,
რომ ასეთ ამბებს ძალიან მარტივად ვხსნით: „ბედია“, „ღვთის ნებაა“, „მიზეზი ხომ ექნება რამე“…
და სანამ ჩვენ „წინაპრების ცოდვებს“ ვეძებთ,
ბავშვები სასიცოცხლო მედიკამენტებს ელოდებიან.
დაავადება არც ცოდვის შედეგია და არც სასჯელია.
აი, გულგრილობა კი საკმაოდ მძიმე ტვირთია.




