Anfield Watch-ზე ჟურნალისტი ბენს ბოჩაკი „ლივერპულის“ ხელმძღვანელობას თორნიკე კვარაცხელიას სასწრაფოდ დამატებას ურჩევს:
„ამ სეზონში გუნდის ყველაზე სუსტი რგოლი დაცვა არ ყოფილა. რა თქმა უნდა, თავისი პრობლემები ჰქონდა, მაგრამ საბოლოო ჯამში შეტევაში სიღრმის არარსებობის გამო უფრო უჭირს. ეს დისბალანსი თავდასხმაში ცხადი იყო. დროდადრო „ლივერპული“ პროგნოზირებადად მოქმედებდა, მეტოქისთვის მისგან თავდაცვა ადვილი იყო, რადგან არ ჰყავდა ნამდვილი გარემარბი, რომელიც იერიშის მთელ სივრცეს გააკონტროლებდა და მეტოქეებს ერთი ერთზე მუდმივად მოატყუებდა. როგორ გამოადგებოდა არნე სლოტს ამ სიტუაციაში ხვიჩა კვარაცხელიას ბრწყინვალე თამაში!
მაიკლ ედვარდსი და რიჩარდ ჰიუზი (კლუბის დირექტორები) მუდამ ინანებენ იმაზე, რომ ქართველის ხელში ჩაგდება იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას არ სცადეს. მაშინ მათ კვარაცხელიასთან კონტრაქტის გაფორმება სურდათ, თუმცა დააგვიანეს და „პარი სენ ჟერმენმა“ დაასწრო, რომლის წინადადებაზე უარის თქმა შეუძლებელი გახლდათ. ყველაფერი სხვაგვარად რომ წარმართულიყო, კვარაცხელიას სავსებით შეეძლო „ლივერპულში“ ეთამაშა და პრემიერლიგაში გამარჯვება ეზეიმა. შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის ბოლო ორ მატჩში ამ გუნდებს შორის ურთიერთობა სხვა შედეგით დასრულებულიყო. თუმცა, ეს ყველაფერი წარსულშია. ახლა „ლივერპულს“ კვარაცხელიას შეძენა არ შეუძლია, მაგრამ შეუძლია სხვა კვარაცხელიას დამატება.
გაიცანით, ეს თორნიკე კვარაცხელიაა, ხვიჩას ძმა. ის მხოლოდ 16 წლისაა, მარცხენა გარემარბია, რომელიც უკვე ვარჯიშობს თბილისის „დინამოს“ პირველ გუნდში. თამაშის სტილით ძალიან ჰგავს ძმას. ისეთივე ფანტაქტიკური ტექნიკა აქვს, მეტოქეების მოტყუება უყვარს და დრიბლინგიც ხვიჩას მსგავსი აქვს იმით, როგორ ეხერხება შესანიშნავი ერთი შეხებით ბურთის მიღება და შეტევის მიმართულების სწრაფად შეცვლა, აგრეთვე ცრუმოძრაობით მეურვის ლამაზად ჩამოცილება.
ამასთან ერთად, თორნიკე არა მხოლოდ ერთი ერთზე თამაშის სპეციალისტია, რაც „ლივერპულს“ აკლია, არამედ იერიშის დამაგვირგვინებელ ფაზაში გავლენას ხდენს. უფროსი ძმასავით რეგულარულად გააქვს გოლები. ასეთ ახალგაზრდულ ასაკში გამოიყურება როგორც ნამდვილი ტალანტი. იმის გათვალისწინებით, რომ ედვარდსი მთელ მსოფლიოში ქსელს აფართოებს, რომლის წყალობითაც წითლებმა გააფორმეს ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არმინ პეჩი, მორ ტალა ნდიაე და იფანი ნდუკვე არიან, თორნიკე იდეალურ ტრანსფერად მოჩანს.
მართალია, პირველი ვერ მიიყვანეს, მაგრამ სავსებით შესაძლებელია მეორე კვარაცხელია „ლივერპულში“ გადავიდეს.