საინვესტიციო ჰოლდინგ Hunnewell Partners-ის მფლობელი ირაკლი რუხაძე აცხადებს, რომ “ბაზის ბანკისთვის” “ლიბერთი ბანკის” მიყიდვით 10-ჯერ მეტ თანხას მიიღებს ჰოლდინგი, ვიდრე ჩადეს, თუმცა ბიზნესმენმა გარიგების კონკრეტული ღირებულება არც საშა კაცმანის პოდკასტში დაასახელა.
რა ფასად გაიყიდა “ლიბერთი ბანკის” აქციები – საფონდო ბირჟის მონაცემები
“ლიბერთი ბანკი”, დაახლოებით, 8 წლის წინ ვიყიდეთ. ახლა რომ შევხედოთ, რა ფასად გამოვედით – “ქეში ქეშზე” [Cash-on-Cash return] რომ ავიღოთ, ღირებულება, დაახლოებით, 10-ჯერ გავზარდეთ ანუ რაც დავაბანდეთ, იმის 10 იმდენს ავიღებთ… რადგან სპეციფიკური გარიგებაა, თანხას ნაწილ-ნაწილ ვიღებთ, თუმცა, როცა სრულად დავიბრუნებთ, ეს იქნება 8 წელიწადში მიღებული 10-ჯერ მეტი ამონაგები”, – თქვა მან “კაცმანის პოდკასტში”.
ირაკლი რუხაძემ ვრცლად ისაუბრა „ლიბერთი ბანკის“ გასხვისების კულუარებსა და საინვესტიციო ჰოლდინგ Hunnewell Partners-ის საინვესტიციო სტრატეგიაზეც.
მისი განმარტებით, Hunnewell Partners-ი კერძო ინვესტიციების კომპანიაა, რომლის დისციპლინა აქტივის ყიდვას, მის გაზრდას და შემდეგ რეალიზაციას გულისხმობს და გაიხსენა, რომ როდესაც “ლიბერთი” შეიძინეს (დაახლოებით, 2018 წელს), ბანკს ნეგატიური მოგება ჰქონდა, თუმცა 8 წელიწადში ვითარება რადიკალურად შეიცვალა და “ლიბერთი” მოგებაზე გავიდა.
“ჩვენი კრიტერიუმია – ბიზნესმა ან უკვე უნდა მოიტანოს 50 მილიონი დოლარი წმინდა მოგება, ან უნდა გვქონდეს ხედვა, როგორ გავიყვანთ ამ ნიშნულზე 5 წლის განმავლობაში. “ლიბერთი” ზუსტად ასეთი ქეისი იყო”, – აღნიშნა მან.
მიუხედავად იმისა, რომ „ლიბერთის“ კაპიტალზე უკუგება (ROE) 20%-ს შეადგენდა, ირაკლი რუხაძე ირწმუნება, რომ ბაზრის ორ დიდ მოთამაშესთან (საქართველოს ბანკი და თიბისი) კონკურენცია გრძელვადიან პერსპექტივაში რთული იქნებოდა.
“ლიბერთი” მესამე ბანკი იყო, მაგრამ იმდენად პატარა იმ ორ ბანკთან შედარებით, რომ გადარჩენა გაგვიჭირდებოდა. ისინი მუდმივად ეძებენ ზრდას და ადრე თუ გვიან შემოვიდოდნენ იმ ნიშებში, სადაც ჩვენ ძლიერები ვიყავით, ამიტომ ან უნდა გავმსხვილებულიყავით ან გაგვეყიდა. გამომდინარე იქიდან, რომ მოგების 50-მილიონიან ნიშნულზე იყო “ლიბერთი” უკვე, გადავწყვიტეთ, გასაყიდად გამოგვეტანა”, – თქვა მან.
ირაკლი რუხაძემ “კაცმანის პოდკასტში” ასევე მოჰყვა, რატომ ვერ გაუყიდა “ლიბერთი ბანკი” ავსტრიულმა საინვესტიციო ბანკმა Raiffeisen-მა, რომელიც ამ მიზნით დაიქირავეს. მისი თქმით, არსებობდა მსხვილი დასავლეთევროპული ბანკი, რომელიც „ლიბერთის“ ყიდვით სერიოზულად იყო დაინტერესებული. მეტიც, გარიგება იმდენად მასშტაბური უნდა ყოფილიყო, რომ მასში „ბაზისბანკიც“ კი ერთიანდებოდა, თუმცა ირაკლი რუხაძის თანახმად, პროცესი საქართველოში არსებულმა პოლიტიკურმა ვითარებამ შეაჩერა.
“Raiffeisen-ი აღმოსავლეთ ევროპაში ძალიან კარგად მუშაობს და მათ დაიწყეს „ლიბერთის“ გაყიდვა. “ბაზისბანკი” ჩვენი პირველი და საუკეთესო ვარიანტი არ ყოფილა. საუკეთესო ვერსია იყო ერთი დიდი დასავლეთევროპული ბანკი, რომელიც ბევრჯერ უფრო დიდია, ვიდრე მთელი საქართველოს საბანკო სისტემა. მათ „ლიბერთი“ ძალიან აინტერესებდათ; მეტიც, როცა „ბაზისბანკმა“ გაიგო, რომ მათ ველაპარაკებოდით, თქვეს: ფული არ გვინდა, ამ დიდი ბანკის აქციები მოგვეცით და ჩვენც მივეყიდებითო. ფაქტობრივად, ის უცხოური ბანკი ორ ბანკს ერთდროულად ყიდულობდა, „ბაზისს“ კი აქციონერად დარჩენა უნდოდა.
ეს ძალზე საინტერესო გარიგება იქნებოდა, როგორც ჩვენთვის, ისე მთელი ქართული საბანკო სისტემისთვის, მაგრამ ჩაიშალა აქაური პოლიტიკური გამოსვლების გამო. ფაქტობრივად, თითქმის მისწერეს, რომ აქ არ ჩამოსულიყვნენ. იმ ადამიანს, ვისაც ეს გარიგება მიჰყავდა, თავად კარგად ესმოდა, რომ რეალურად არაფერი ხდებოდა – ამბობდა კიდეც, საქართველოში რომ ჩამოვდივარ, იმას, რასაც წერენ, ვერაფერს ვხედავო.. თუმცა, საბოლოოდ გვითხრა: „ხომ იცით, მე დაქირავებული მენეჯერი ვარ. ასეთ დიდ ბანკებში, რომლებიც ბირჟაზე ივაჭრება, მენეჯმენტი დაქირავებულია. მე ჩემს სამეთვალყურეო საბჭოს ასეთ გარიგებას დღეს საქართველოში ვერ მივუტან, რადგან შეიძლება სამსახური დავკარგო. საქართველოზე გარეთ ისეთი ნეგატიური ამბები გამოდის, რომ ვერ დავუმტკიცებ საბჭოს, თითქოს ეს რეალობა არ არის და მოდით მაინც შევიდეთ ამ მომგებიან ბაზარზეო“… ამიტომ ჩაიხსნა და მერე დავიწყეთ ერთმანეთთან ლაპარაკი [ლიბერთიმ და ბაზისბანკმა]… [საბოლოოდ] ისე გამოვიდა, “ბაზის ბანკი” იყო ერთადერთი მყიდველი”, – განაცხადა ირაკლი რუხაძემ.




