სამ საპატრიარქო კანდიდატს შორის – მიტროპოლიტი იობი და რაც მასზე ვიცით

მაღალყოვლადუსამღვდელოესი იობი – ასეა მოხსენებული მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობ აქიაშვილი საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე.

საქართველოს საპატრიარქოში მას საღვთისმსახურო წიგნების შესწავლისა და რედაქტირების კომისიის თავმჯდომარის პოსტი უკავია.

რა ვიცით მასზე?

ერისკაცობაში – ელგუჯა ზურაბის ძე აქიაშვილი 1960 წლის 25 მაისს, ყაზბეგის რაიონის სოფელ სნოში დაიბადა.

1977 წელს დაამთავრა სოფელ სნოს საშუალო სკოლა, ხოლო 1978 წელს, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. სტუდენტობის წლებშივე იყო სიონის საპატრიარქო ტაძრის სტიქაროსანი.

ახლა ის რუისისა და ურბნისის ეპარქიას ხელმძღვანელობს.

გზა ეკლესიისკენ

1982 წელს, ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, საქართველოს საპატრიარქოში ეკონომისტად დაინიშნა. ერთ წელში ელგუჯა აქიაშვილი საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო-სამეურნეო განყოფილების უფროსის მოადგილე გახდა.

1984 წელს ჯარში გაიწვიეს.

დაბრუნების შემდეგ, საპატრიარქოში არქივარიუსად გააგრძელა მუშაობა მანამ, სანამ,1985 წელს, მცხეთის სასულიერო სემინარიაში არ ჩაირიცხა.

1988 წელს ბერად აღიკვეცა და სახელი იობი ეწოდა.

იმავე წლის იანვარში, სიონის საპატრიარქო ტაძარში, საქართველოს პატრიარქმა -მ ბერი იობი აკურთხა დიაკვნად, ხოლო მარტში – მღვდლად.

1988 წელს მღვდელმონაზონი იობი მარტყოფის ღვთაების მონასტრის წინამძღვარი გახდა. მომდევნო წელს მას იღუმენის ხარისხი მიენიჭა და მალევე აჭარაში, სხალთის ახლადგახსნილ მამათა მონასტერში გადაიყვანეს.

1990 წელს პატრიარქმა მას არქიმანდრიტის წოდება მიანიჭა.

იმავე წელს, ერთხანს ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში იმსახურა, თუმცა მალევე დაბრუნდა თბილისში და 1990 წლის ივლისიდან დაინიშნა საქართველოს საპატრიარქოს ახლადჩამოყალიბებული სოფლის მეურნეობის განყოფილების თავმჯდომარედ.

არაერთხელ ხელდაფარებული შვილობილი – სასულიერო პირების დაპირისპირების ისტორია

ორ წელში, 1992 წელს, სინოდის გადაწყვეტილებით, არქიმანდრიტი იობი მანგლელ ეპისკოპოსად დანიშნეს. იმავე წელს გახდა სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პრორექტორი.

იყო ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის მმართველი და ხულოს სასულიერო სასწავლებლის რექტორი.

1995 წლის გაზაფხულზე იობ აქიაშვილი ბათუმისა და სხალთის ეპისკოპოსად დანიშნეს, ხოლო 1996 წლის 21 ოქტომბრიდან ურბნისისა და რუისის ეპარქიის მმართველად და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად.

მალე, 1996 წლის 25 დეკემბერს ის ჯერ მთავარეპისკოპოსი გახდა, ხოლო 2000 წლის დეკემბერში მიტროპოლიტი.

2007 წლის 25 დეკემბერს დაჯილდოვდა წმიდა გიორგის უმაღლესი ორდენით. 2003 წელს პირადი განცხადების საფუძველზე განთავისუფლდა ქორეპისკოპოსის თანამდებობიდან და სათავეში ჩაუდგა საპატრიარქოს საღვთისმეტყველო და ლიტურგიკულ კომისიებს.

მიტროპოლიტი იობს ხშირად მიუქცევია ყურადღება ხმაურიანი განცხადებებით. ერთ-ერთი ბოლო ასეთი განცხადება, მეფეზე, მან სულ ახლახანს გააკეთა – 2026 წლის 10 აპრილს.

“ჩვენი მომავალი მეფეშია”

მან ქადაგებისას თქვა, ჩვენი მომავალი ნათელია, ჩვენ გვეყოლება კურთხეული მეფე, მეფე, რომელიც ძალიან დიდ საქმეებს მოიმოქმედებს მომავალი საქართველოსთვისო.

“არ გეგონოთ, რომ ამ ქაოსურ მსოფლიოში აღარ გვახსოვს ჩვენ სამეფო დინასტია, ბაგრატიონთა. ჩვენ მეხსიერებაში ყოველთვის იყო, არის და იქნება… მეფე იქნება დამაბალანსებელი ერში, სიმშვიდის შემომტანი და ერთიანობის სიმბოლო. როდესაც მოხდება ეს მოვლენა, ჩვენ მოვესწრებით ამას, ჩვენი ერი გაიხარებს”.

წინა დღით, რუისის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძარში მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის ქადაგებას დავით და გიორგი ბაგრატიონები ესწრებოდნენ.

რუსეთზე რა აზრისაა?

“მიტროპოლიტ იობის კურთხევით გამოცემულ ჟურნალ “ქვაკუთხედში”ეწერა, რომ 2008 წლის ომი ჩვენი სასჯელი იყო, თითქოს უფალს არ უნდოდა საქართველოს დასავლეთთან დაახლოება, მაგრამ რუსეთის მფარველობაში შესვლას დალოცავდა.

2014 წელს “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობ აქიაშვილმა თქვა:

არასოდეს გვექცეოდა როგორც ერთმორწმუნე ერს და უამრავი ზიანი მოგვაყენა, არც თავად იქცევა სამაგალითო მართლმადიდებელივით, მაგრამ ჩემი დაცემული მართლმადიდებლობა მირჩევნია წარმართსა და ურწმუნო ამერიკელს და სულით მკვდარ ევროპელს”.

მოგვიანებით, სხვა გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში მუტროპოლიტი იობი ანცხადებდა, “ეს ჩემი სიტყვები არ არის და მსგავსი რამ არ მითქვამსო” და იქვე აღწერდა 2008 წლის ომის მიმართ დამოკიდებულებას:

“მე სავსებით სხვაგვარად ვფიქრობდი. ვხედავდი, როგორ ეკიდა ცეცხლი ქართულ სოფლებს, როგორ იღუპებოდნენ ჩვენი შვილები, დები, ძმები… იმდენად აღშფოთებული, გულნატკენი ვიყავი, რომ მის უწმინდესობასაც კი ვუთხარი – იმდენად შემზარავია ჩემთვის ჩემი გამწარებული თანამოქალაქეების ყურება, რომ შეიძლება პუტინი და მედვედევი ანათემასაც კი გადავცე იმის გამო, რასაც ისინი ჩვენი, მართლმადიდებელი ერის მიმართ სჩადიან-მეთქი”.

2010 წელს მიტროპოლიტმა ოპოზიციას, „ერსა და ბერს“ პირდაპირ მოუწოდა შეაჩერონ დამღუპველი „სულიერი ოკუპაცია“, რომელსაც პრეზიდენტ სააკაშვილის არსებული ხელისუფლება ახორციელებს და რომელიც, ასევე მიტროპოლიტის სიტყვებით, „რუსეთის „დროებით“ ფიზიკურ ოკუპაციაზე უფრო უარესია“. მსახურობდა საბჭოთა ჯარში”

სუს-ის “კრებსებში”

მის სახელს ახსენებენ საპატრიარქოს შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებული მასალებში – კერძოდ, 2015 წლით დათარიღებული ფაილებში, სადაც არქიმანდრიტი ბართლომე ფირცხალაშვილი მონაზონ ბარბარე ივანაშვილს უყვება ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახში სტუმრობის ამბავს.

ამ სტუმრობის დროს განიხილებოდა მომავალი პატრიარქის კანდიდატურები. ფირცხალაშვილი ასახელებს მიტროპოლიტებს იობ აქიაშვილს, დანიელ დათუაშვილს, დიმიტრი შიოლაშვილსა და აბრაამ გარმელიას – მისი თქმით, ხსენებული მიტროპოლიტებიდან ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მეუღლემ, იობ აქიაშვილი უარყოფითად დაახასიათეს.

იობი აცრასა და კორონავირუსზე

პანდემიის პერიოდში მიტროპოლიტის არაერთი განცხადება მოექცა მედიის ყურადღების ცენტრში.

ის ქადაგებდა, რომ “ყველაფერი მაინც რწმენასთან იყო დაკავშირებული” და თუ ადამიანს ეს რწმენა აქვს, მას ვირუსი არ შეხვდებოდა. თავად მიტროპოლიტი კორონავირუსის გამო კლინიკაშიც მოხვდა.

ურბნელი მიტროპოლიტი ვაქცინაციაზე საუბრისას ამბობდა, რომ “ზედა ეშელონებში” სხვა ვაქცინას უკეთებენ, ხოლო უბრალო ხალხს” – სხვას და ასევე, ამბობდა, რომ ეს “ხელოვნურად თავსმოხვეული ეპიდემიაა”.

“ეს მთავრობა ებრძვის ეკლესიას”

2018 წლის სექტემბერში, ურბნელმა მიტროპოლიტმა მრევლისადმი მიმართვაში საქართველოს მაშინდელი მთავრობა გააკრიტიკა და თქვა, რომ ის ეკლესიას და ტრადიციებს ებრძვის და სამაგიეროდ, ქვეყანაში ნერგავს ნარკომანიას.

“ხედავთ, რომ საპატრიარქოს და წმიდა სინოდის მღვდელმთავრებს გვაქვს ერთსულოვნება, რომ არ უნდა იყოს ლეგალიზებული ნარკომანია, არ უნდა მოხდეს მისი კულტივაცია და არ უნდა გახდეს საქართველო ნარკომომმარაგებელი მთელი მსოფლიოსი, როდესაც ჩვენ ხორბლისა და ვაზის ქვეყანა ვართ… საოცარია მართლაც ჩვენი ხმა არ ესმის ხელისუფლებას”, – განაცხადა მან.

წყევლა ჟურნალისტებს

რუის-ურბნისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა ჟურნალისტი გიორგი გაბუნია “ეშმაკის მსახურად” მოიხსენია 2018 წლის მაისში, მას შემდეგ, რაც „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“, გიორგი გაბუნიამ ილაპარაკა საკანონმდებლო ცვლილებაზე რომელშიც საზოგადოების ნაწილი ცენზურის დაწესების საფრთხეს ხედავდა და თემის საილუსტრაციოდ მიმოიხილა მხატვარ ლია უკლებას ნახატი „თვითმკვლელი ღვთისმშობელი“:

„მე მას ვწყევლი და შევაჩვენებ. ეგ აღარ მოინანიებს, ეგ არის პირდაპირ ეშმაკის მსახური. საერთოდ, ეს ტელევიზია [„რუსთავი 2“] უნდა გაუქმდეს“ – თქვა მიტროპოლიტმა იობმა.

სახიფათო ქადაგება

2019 წლის გაზაფხულზე, როცა საქართველოში დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებული პროცესები გამწვავდა, მეუფე იობი მეზობელ აზერბაიჯანთან მიმართებით სისხლისღვრისთვის მზადყოფნაზე ლაპარაკობდა

„თუ საქმეს დასჭირდა სისხლი, პირველ რიგში, ჩვენ უნდა წავიდეთ, სასულიერო პირები, და მაგალითი მივცეთ ერის ადამიანებს… მარტო განცხადებები არ კმარა, ქმედებაზე უნდა გადავიდეთ. სარწმუნოება საქმის გარეშე მკვდარ არს… თუ საქმეს დასჭირდა სისხლი, პირველ რიგში ჩვენ უნდა წავიდეთ, სასულიერო პირები, და მაგალითი მივცეთ ერის ადამიანებს“, – განაცხადა დავით გარეჯში ჩასულმა მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა.

ვრცლად