მელანია და დონალდ ტრამპები ABC-ს ჯიმი კიმელის გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ

27 აპრილს -ს პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა, ღამის შოუს წამყვანი და ამერიკელი კომიკოსი, ჯიმი კიმელი, გააკრიტიკა ხუმრობისთვის, რომელშიც კიმელმა თეთრი სახლის კორესპონდენტების ვახშამზე სროლამდე რამდენიმე დღით ადრე მელანიას “მომავალი ქვრივი” უწოდა.
“ჩვენი პირველი ლედი, მელანია, აქ არის. შეხედეთ მელანიას, როგორი ლამაზია. მისის ტრამპ, თქვენ მომავალი ქვრივივით ბრწყინავთ.” – თქვა კიმელმა 23 აპრილს საავტორო გადაცემა Jimmy Kimmel Live-ში.
პირველი ლედის თქმით, კიმელის განცხადებები “სიძულვილით სავსე და ძალადობრივი” იყო, რის გამოც მან ABC News-ს კიმელის “სასტიკი საქციელის” წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.
ცნობისთვის, 25 აპრილს, თეთრი სახლის კორესპონდენტების ვახშმის დროს, რომელსაც პრეზიდენტი ტრამპი და მისი ადმინისტრაციის წევრებიც ესწრებოდნენ, 31 წლის კოულ ტომას ალენმა სასტუმროს მისაღებში ცეცხლი გახსნა და იმ დარბაზში შეღწევა სცადა, სადაც ვახშამი მიმდინარეობდა.
ცნობილია პირის ვინაობა, ვინც თეთრი სახლის კორესპონდენტების ვახშმის დროს ისროლა
27 აპრილს X-ზე გავრცელებულ პოსტში მელანიამ აღნიშნა, რომ “კიმელის მსგავს ადამიანებს არ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, ყოველ საღამოს ჩვენს სახლებში შემოვიდნენ და სიძულვილი გაავრცელონ”.
პირველი ლედის თქმით, მისი “ოჯახის შესახებ კიმელის მონოლოგი არ არის კომედია – მისი სიტყვები კოროზიულია და ამერიკის შიგნით პოლიტიკურ ავადმყოფობას აღრმავებს.”
“მერამდენედ შეუწყობს ხელს ABC-ს ხელმძღვანელობა კიმელის სასტიკ საქციელს ჩვენი საზოგადოების ხარჯზე.” – დაამატა მელანიამ.
მოგვიანებით Disney-სა და ABC-ს მხრიდან ჯიმი კიმელის გათავისუფლება სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპმაც მოითხოვა: “ვაფასებ, რომ ამდენი ადამიანია გაცოფებული კიმელის მხრიდან ძალადობისკენ საზიზღარი მოწოდების მიმართ”. – დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.