კულტურის მინისტრობის კანდიდატი, თეა წულუკიანი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც სამინისტრომ გელათში სამუშაოები შეაჩერა, მასზე პასუხს აღარ აგებს. უფრო მეტიც, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოსმენისას წულუკიანმა განაცხადა, რომ სასამართლოში უჩივლებს ყველას, ვინც იტყვის, რომ “ამჟამად რაღაცას აფუჭებს” გელათში.
“მე ღიად გეუბნებით, რომ იმაზე, რასაც მე არ ვაკეთებ, პასუხს ვერ ვაგებ. ძალიან სამწუხაროა, რომ 2022 წლის 3 ოქტომბრიდან ჩვენ მოგვეცა მითითება, რომ აღარ ვიმუშაოთ გელათში, ამიტომ, 2022 წლის 3 ოქტომბრის შემდეგ ჩემთვის აბსოლუტურად უცნობია, – არა იმიტომ, რომ რაღაცა შეიძლება არ ვიცი – უბრალოდ უცნობი, ჩვენთვის ინსტიტუციურად იქ რა ხორციელდება […]
მე ვაპირებ და ასეთი დავალებაც აქვთ ჩემს თანამშრომლებს, რომ ნებისმიერი ადამიანის საჯარო განცხადება, რომელიც დაგვწამებს ცილს, რომ ჩვენ ამჟამად რაღაცას ვაფუჭებთ, ყველა ამგვარი განცხადება დასრულდება სასამართლოში, იმიტომ, რომ ამის მოთმენას მე პირადად აღარ ვაპირებ”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ის ამბობს, რომ პასუხს აგებს გელათში ჩატარებულ სამუშაოებზე 2021 წლის მაისიდან 2022 წლის 3 ოქტომბრამდე – მისი კულტურის მინისტრად დანიშვნიდან იმ დრომდე, როცა გელათის სარეაბილიტაციო სამუშაოები საპატრიარქომ გადაიბარა.
წულუკიანმა განაცხადა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოების შესახებ, ასევე გადაბარების პროცესში ძეგლის მდგომარეობის შესახებ შენახული აქვს ფოტო და ვიდეომასალა, რათა საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი იყოს მისი შედარება ძეგლის სამომავლო მდგომარეობასთან.
“ჩვენ ხელთ გვაქვს მასალები, თუ რა მდგომარეობაში იყო ძეგლი გადაბარების პროცესში. ჩვენ გვაქვს დათარიღებული ვიდეო და ფოტომასალა. ასევე, სკანირების შედეგები და რა თქმა უნდა, წლების შემდეგ ეს მასალა შეიძლება შედარდეს იმ ვითარებას, რა ვითარებაც იქნება ძეგლზე. მერე უკვე ორი ყური ასწიას პრინციპით, ბაჭიას შეეძლება გამოიცნოს ვინ რა გააკეთა და ვინ რა ვერ გააკეთა”, – განაცხადა წულუკიანმა.
ის ამტკიცებს, რომ 2008 წელს შემუშავდა გელათის რეაბილიტაციის ხარვეზიანი პროექტი, რომელიც შემდეგ ხარვეზებითვე განხორციელდა. მისი თქმით, როცა კულტურის მინისტრად დაინიშნა, ტაძარში წყალი ჩამოდიოდა, რაც UNSECO-ს მითითებების შესაბამისად შეაჩერეს და გააშრეს. წულუკიანის მტკიცებით, მისი მინისტრობის პერიოდში გელათში გამაგრებული ხატები კვლავ შენარჩუნებულია – “დანარჩენი, რაც არ ვიცი, არ ვიცი”.
ამავე თემაზე:
· რა დაემართა გელათს – ფაქტები და კომენტარები
· საპატრიარქოს დაკვეთილი კვლევა გელათის რესტავრაციის შედეგებს შემაშფოთებლად აფასებს
· საპატრიარქო გელათის რეაბილიტაციის დროებით კომიტეტს ქმნის
· რა კეთდება გელათის გადასარჩენად? — მოსაყდრე შიო მუჯირის ვრცელი განმარტება