მაკა ბოჭორიშვილი ამტკიცებს, რომ ევროკავშირის კრიტერიუმები, რომლის შესრულებასაც ბრიუსელი “ოცნებისგან” ითხოვდა, უსაფუძვლოა.
“ოცნების” საგარეო საქმეთა მინისტრი ირწმუნება, რომ საქართველოში არც “რეპრესიები” არსებობს და “ოცნების” დეპუტატების მხრიდან ევროკავშირის მისამართით არც მტრულ რიტორიკას აქვს ადგილი. ამის შესახებ მან ევროკავშირის ელჩთან შეხვედრის შემდეგ “პირველების” კითხვების საპასუხოდ ისაუბრა.
არანაირი რეპრესიები არ არსებობს, ეს ერთი. თუ ჩვენ ვაშენებთ კანონის უზენაესობაზე დაფუძნებულ საზოგადოებას, მაშინ კანონი არის ყველასთვის კანონი – ერთი. მეორე – არანაირი მტრული რიტორიკა არ არსებობს, არსებობს ქართველი პოლიტიკოსების რეაქციები უსამართლო დამოკიდებულებაზე. არსებობს სამართლიანი რეაქციები ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან იმ უსამართლო დამოკიდებულებაზე, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ბრიუსელის მხრიდან, თქვა ბოჭორიშვილმა.
ამასთან, მაკა ბოჭორიშვილი ამტკიცებს, რომ ევროინტეგრაციის პროცესი “ქართულ ოცნებას” არ შეუჩერებია და ირაკლი კობახიძის განცხადებაც “მოგვეჩვენა”.
დიალოგს რაც სჭირდება, იმას გავაკეთებთ, როცა იქნება მეორე მხრიდან მზაობა. კი, მოგეჩვენათ (კობახიძის განცხადება). არ შეგვიჩერებია (ევროინტეგრაცია). ჩვეულებრივი პროპაგანდაა, როდესაც თქვენ ამბობთ, რომ საქართველომ შეაჩერა მოლაპარაკებების პროცესი.
ევროკავშირის ელჩის განმარტებით, 2024 წლის ივნისში მიღებული იყო გადაწყვეტილება, რომ საქართველოსთან შეჩერებულიყო დიალოგი. ახლა მითხარით, რანაირად შეიძლება, შეგვეჩერებინა შეჩერებული 6 თვის მერე?
სად ამოიკითხავთ იმ განცხადებაში (კობახიძის) ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას? “ქართული ოცნება” ანტიდემოკრატიულს არაფერს აკეთებს, ანტიდემოკრატიულს თუ ვინმე აკეთებს, აკეთებს ის, ვინც არ შევიდა პარლამენტში და უარი უთხრა ხალხის ხმას და ის, ვინც ქუჩაში პოლიტიკური პროცესების წარმართვას ახალისებს, – ამბობს ბოჭორიშვილი.
2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნაზე.
„დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი. ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.
2028 წლის ბოლო არის ის დრო, როდესაც საქართველო იქნება მზად, ეკონომიკური თვალსაზრისით სათანადოდ მომზადებული, რათა გახსნას მოლაპარაკებები 2030 წელს ევროკავშირში გასაწევრიანებლად…
ჩვენ ვაპირებთ არა მათხოვრობით და ცალ ფეხზე დგომით ევროკავშირში შესვლას, არამედ ევროკავშირში ღირსეულად გაწევრიანებას გამართული დემოკრატიული სისტემითა და ძლიერი ეკონომიკით“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.




