ხვალ, 23 აპრილს, დღის 3 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ისევ განიხილავენ ჟურნალისტის და სახაროვის პრემიის ლაურეატის, მზია ამაღლობელის საქმეს.
საქმე ეხება სტიკერის გაკვრას აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობის ღობეზე – კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისთვის ჟურნალისტი მზია ამაღლობელი ორჯერ გაასამართლეს. ამ შემთხვევაში დავის საგანი იქნება არა ის – ჩაიდინა თუ არა სამართალდარღვევა მზია ამაღლობელმა ღობეზე სტიკერის გაკვრით, არამედ ის თუ, რამდენად კანონიერად დააკავეს მზია ამაღლობელი?
სამართალდარღვევის ჩადენის მიუხედავად, იყო თუ არა საჭირო, პოლიციელებს დაეკავებინათ ქალი, რომელმაც შენობის ღობეზე სტიკერი გააკრა?
- მზია ამაღლობელი გამოცემა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და თანადირექტორია. ის უკვე 1 წელი და 3 თვე უკანონო პატიმრობაშია. 2025 წლის 16 დეკემბერს პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტსა და მედიამენეჯერს, მზია ამაღლობელს, სტრასბურგში, ევროპარლამენტში, ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია გადასცეს. მზია ამაღლობელის საჩივრების განხილვა უკვე დაიწყო სტრასბურგის სასამართლომ.
„მზია ამაღლობელის დაკავების კანონიერების საქმის“ წარმოებაში მიღებაზე – საქმე, რომლის განხილვაც 23 აპრილს დაიწყება – ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძეს 2025 წლის დეკემბერში უარი უთქვას. მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძის ეს გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას ეწინააღმდეგება. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძეს საქმე დაუბრუნა და მისი განხილვა დაავალა.




