კარნეგი ჰოლის დიდი საკონცერტო დარბაზი – მთელი დარბაზი ფეხზე იდგა ამ დღეს! (ვიდეო)

“იშვიათი სიამაყის გრძნობა რომ გეუფლება და ბედნიერებისგან ფრთებშესხმული რომ მოფრინავ სახლისკენ, აი, ასეთი დღე გვაჩუქა გუშინ ჩვენმა ფენომენალურმა ხატია ბუნიათიშვილმა. ფეხზე დამდგარი სრულიად სავსე Carnegie Hall და უამრავი ბისი! მადლობა, რომ მილიონობით ადამიანს ჩუქნი სიცოცხლის ძალას შენი დიდებული მუსიკით და სიკაშკაშით!” – ასე აფასებს ხატია ბუნიათიშვილის საღამოს მომღერალი გოჩა აბულაძე.

15 აპრილს, კარნეგი ჰოლში გამართულ კონცერტზე, ქართველმა პიანისტმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა საკუთარი ფენომენი. კულტურის ჟურნალისტი ჰარი ჰასკელი ოფიციალურ მიმოხილვაში მას „ინტროსპექტიულ ვირტუოზს“ უწოდებს და აღნიშნავს, რომ ბუნიათიშვილს „სურს, ყველამ იგრძნოს, რომ კლასიკური მუსიკა მათთვისაა“.

საღამოს დრამატურგია გამორჩეული იყო – ხატია ბუნიათიშვილმა მსმენელი ეპოქებისა და ემოციების ლაბირინთში გაატარა.

buniatishvili

კონცერტი ფრანც შუბერტის უკანასკნელი, სი-ბემოლ მაჟორი სონატით (D. 960) გაიხსნა. ეს არის ნაწარმოები, რომელიც კომპოზიტორის ცხოვრების მიწურულს, ერთგვარ ანდერძად დაიწერა. ამას მოჰყვა ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მე-17 სონატა, საყოველთაოდ ცნობილი „ქარიშხლის“ სახელით.

საღამოს კულმინაცია ფრანც ლისტის სამყაროს დაეთმო. პიანისტმა პირველად „მეფისტო-ვალსი“ №1 შეასრულა – ნაწარმოები, სადაც ვირტუოზობა მაცდურ ენერგიას ერწყმის. ამას მოჰყვა „გრეტხენი ჯარაზე“. ძირითადი პროგრამა კი მე-6 უნგრული რაფსოდიით დაგვირგვინდა. კარნეგი ჰოლის მსმენელი, რომელიც ფეხზე დამდგარი ოვაციებით ხვდებოდა პიანისტს, ხატიამ კიდევ ორჯერ დააჯილდოვა. პირველი ბისი იოჰან სებასტიან ბახის საფორტეპიანო კონცერტიდან შესრულებული ადაჟიო (BWV 974) იყო, თუმცა, საღამოს საბოლოო წერტილი ლისტის მე-2 უნგრულმა რაფსოდიამ (ჰოროვიცის ტრანსკრიპცია) დასვა. ეს ცნობილი მელოდია ხატიამ ისეთი სიმძლავრითა და ტექნიკური სიზუსტით შეასრულა, რომ მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა: მისი ვირტუოზობა მხოლოდ ტექნიკა კი არა, ნამდვილი ემოციებია.