“ნეტგაზეთის” ჟურნალისტი ნინა ბაიდაური:
17 წლის ავთო გარდაიცვალა მარტში. 21 წლის ბექა, რომელიც 5 წელია სახლიდან არ გამოსულა, ყელში ტრაქეოსტომით, წყვეტილი ხმით, სვენებ-სვენებით გვეუბნება, რომ მას წამალი აღარ უშველის, გვიანია. მაგრამ პატარებს უნდა დავუდგეთო გვერდში, სანამ დროა, რომ მათ მაინც არ გაიარონ ის გზა, რაც მე გავიარეო.
ბექა არ ამბობს პირდაპირ, მაგრამ 21 წლის ბიჭმა იცის, რომ ბოლოშია.
გულწრფელად არ ვიცი, როგორ ხერხდება ამ ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის თვალის არიდება. იმის არშემჩნევა, ასაკის მატებასთან ერთად, როგორ თანდათან ქრება სხივები მზესავით ბავშვებში, როგორ უკან-უკან მიდის სხეული, სანამ საბოლოოდ უმტყუნებს და სიცოცხლესაც წაართმევს.
პოსტი მიგრძელდება, და რამდენი ემოჯიც არ უნდა ჩავატყეპო აბზაცების დასაწყისში, აღარაა მომგებიანი. და მე ვიცი, რომ აქამდე თითქმის აღარავინ ჩამოვა. მომგებიანად თუ არ შეფუთე კიდევ — არც გიცხოვრია, არც მომკვდარხარ, არც გიშრომია, არც გაგჭირვებია, არც გაგიმარჯვია.
მეტიც, ვუყურებდი ვიდეოს [კომენტარად დავურთავ], რომელიც მშობლებმა დადეს. სადაც ბავშვები და ახალგაზრდები გვეუბნებიან, რომ წამალი სჭირდებათ და იცით რაზე ვფიქრობდი პარალელურად? 21 წლის ბექას სრული ვიდეოდან ამონარიდს, რაც აქ არის შეტანილი, ის ნაწილი აკლია, სადაც ამბობს, რომ მისთვის უკვე გვიანია. ვიდეო ამით უნდა მთავრდებოდეს იქნებ? მაგრამ ბოლოში თუ ჩასვამ, აჩქარებით კი უყურებენ და იქამდე მაინც რომ აღარავინ ჩავიდეს? და წინ თუ გადმოსვი, უკან ვინ უნდა გადასვა, რომელი ბავშვი ამოაგდო, რომელსაც წამალი სჭირდება? თუ არაფერი შეალამაზე, სულ „პოზიტივით“ არ მოყევი შენს ტრაგედიას, ეგრევე რომ გამორთონ, რომ არც მოგისმინონ? ადამიანებს ურჩევნიათ თვალი აარიდონ, რაც განსაკუთრებით დამზაფვრელია, რითაც ქულები გარანტირებულად არ იწერება. ეს მათ არ ეხებათ და თავს დააჯერებენ, რომ არც შეეხებათ. მძიმე ცხოვრება გვაქვს ისედაც. ასე მუშაობს ჩვენი ფსიქიკა და ვერ დაიძრახება. რა ბედენაა 100-მდე ბავშვისა და ახალგაზრდის სიცოცხლე. მცირედი წილია გენერალურ ერთობლიობაში. სტატისტიკა…
და ვისაც შემჩნევა პირდაპირ ევალება? Rati Ionatamishvili, დიდი ხანია, აღარ მომიკითხიხარ და აბა, როგორ ხარ? არ გინდა თავი ამოყო „მედიასა და პოლიტიკაში ჩაბუდებული აგენტურის“ სამეტყველო აპარატებიდან, ვითარცა მთვრალმა კაცმა საახალწლო სუფრის საცივიდან, ან სირაქლემამ ქვიშიდან და საქმეს მიხედო? მაგალითად, თუნდაც საჩვენებლად და სარკეში წინასწარ მორგებული გულისხმიერი გამომეტყველებით ჩაუარო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებს, პოლიციის კორდონს მიღმა ეტლებიდან რომ შეჰყურებენ კანცელარიას და მათ მშობლებს? იქნებ, თუნდაც ტყუილი იმედი მისცე, რომ მათი გესმის? რომ რაც შეგეძლება, ყველაფერს გააკეთებ, თუნდაც ეს „ყველაფერი“ ქვიშის მარცვლისოდენაც კი არ იყოს.. რომ მათ გასაჭირს ყველასთან მიიტან შენს გუნდში, თუნდაც კაციშვილთან კრინტი არ დაძრა? დედის სულს გეფიცები, თუ არ გაგაშუქოთ „მედიაში ჩაბუდებულმა აგენტებმა“. აბა, ჰა, იზამ?




