მედია: რა სქემით გადაიფორმა საპატრიარქოს ქონება ივანიშვილმა

“შაბათის ეთერის” ინფორმაციით, დოკუმენტებით დასტურდება, რომ ბიძინა ივანიშვილს, აბასთუმანში მიწები საქართველოს საპატრიარქომ “დაუთმო”. ამ პროცესში კი პირადად იყო ჩართულიქორეპისკოპოსი, თეოდორე ჭუაძე.

რა ხდება?

აბასთუმანში, ფალიაშვილის ქუჩაზე არსებული, რომანოვების ცნობილი რეზიდენცია – სასახლეც და მისი ეზოც, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს საპატრიარქოს გადაეცა, ჯამში 6106 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი და ისტორიული  სასახლე. “შაბათის გუნდმა” მიაკვლია დოკუმენტს, რომ ამ ტერიტორიის ნაწილი ახლა ივანიშვილის საკუთრებაა. რომანოვების ისტორიული სასახლე ემიჯნება ივანიშვილის კიდევ ერთ, შედარებით მცირე რეზიდენციას, სავარაუდოდ, სწორედ ამ სასახლის ეზოდ სჭირდებოდა, “ქართული ოცნების” დამფუძნებელს საპატრიარქოს მიწები.

“შაბათის ეთერმა” საპატრიარქოს იურისტის, ლევან მერაბიშვილის ხელნაწერი მოიპოვა, რომელიც იუსტიციის სამინისტროში ინახება. აქ მერაბიშვილი რეესტრს, საპატრიარქოს სახელით წერს, რომ ეკლესიამ, წმინდა პანტელეიმონ მკურნალის ეკლესიის მიმდებარედ, 759 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის მიტოვება გადაწყვიტა.​

დგინდება, რომ 2020 წლის 25 ივლისს ეკლესიამ, მისთვის სახელმწიფოს მიერ  გადაცემული რომანოვების სასახლის ტერიტორიის დაყოფა ითხოვა, რეესტრმა ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა. ამის შემდეგ 2020 წლის 10 აგვისტოს რეესტრში საპატარიაქოს იურისტი მიდის და ამ განცხადებას  წერს, რომლის მიხიედვითც ეკლესია საკუთარი ნებით ამბობს უარს, რომანოვების სასახლის ეზოს ნაწილზე. 2020 წლის სექტემბერში კი, ივანიშვილისთვის საინტერესო ფართობი აუქციონზე,  ეკონომიკის სამინისტროს გამოაქვს. მიწას რა თქმა უნდა “ქართული ოცნების” დამფუძნებლის კომპანია ყიდულობს, მიზერულ ფასად – კვადრატული 150 ლარად.