“რთულია, როდესაც შენი ძმაკაცის წინააღმდეგ თამაშობ” – კვარაცხელიამ მატჩის შემდეგ მამარდაშვილზე ისაუბრა

გიორგი მამარდაშვილის “ლივერპულმა” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებით მატჩში პსჟ-ისთან საშინაო მატჩი 0:2 წააგო, ჯამში 0:4 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.
მატჩის დასრულების შემდეგ Geo Team პარიზელთა ქართველ ვარსკვლავ ხვიჩა კვარაცხელიას გიორგი მამარდაშვილის შესახებ ესაუბრა.
“ძალიან რთულია, როდესაც შენს ძმაკაცს ეთამაშები, რომლის თამაშსაც უყურებ და გულშემატკივრობ. ამ დროს კი გიწევს, რომ მის წინააღმდეგ იასპარეზო და გოლი გაუტანო, ან პრობლემები შეუქმნა.
მამარდაშვილის თამაშით ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ძალიან კარგი “სეივები” გააკეთა. ითამაშო “ლივერპულში” და ატარო ამ გუნდის მაისური, ადვილი არაა და “მამარდა” ამას ახერხებს.
ჩემი აზრით, ჯერ თავის მაქსიმუმი არ გაუკეთებია. თამაშის შემდეგ ერთმანეთს წარმატებები ვუსურვეთ. ორივენი ბედნიერები ვართ, რომ ძმაკაცები ვართ და ასეთ დიდ გუნდებში ვთამაშობთ. გიორგის ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ და იმედი მაქვს, ერთ დღეს ჩემპიონთა ლიგას ერთად მოვიგებთ”, – თქვა კვარაცხელიამ.