შეიმუშავეს საზღვარზე მიგრანტის გადაყვანის უკანონო გეგმა – 3 პირი დამნაშავედ ცნეს

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ორგანიზებული ჯგუფის მიერ მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მომზადების ფაქტზე სამი პირი დამნაშავედ ცნო.
უწყების მიხედვით, სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და ორ მსჯავრდებულს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით, ხოლო ერთს – თავისუფლების აღკვეთა 8 წლის და 6 თვის ვადით.
“პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ საქართველოს ერთმა და უცხო ქვეყნის ორმა მოქალაქემ შეიმუშავეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის გეგმა. ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა უცხო ქვეყნის მოქალაქეს გამოართვეს 5500 დოლარი და აპირებდნენ სატვირთო ავტომანქანაში დამალვის გზით საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მის უკანონოდ გადაყვანას. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა სამივე მათგანი დააკავეს.
ორ დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344 პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მომზადება) ხოლო ერთს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 344 პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მომზადება) და 381-ე მუხლის პირველი ნაწილით (სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა) წარედგინათ.” – წერია უწყების განცხადებაში.