ბაიდენმა სანქციები დაუწესა ისრაელის მოქალაქეებს

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სანქციები დაუწესა ისრაელის მოქალაქეებს, რომლებიც ხელს უწყობენ მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მყოფ ახალმოსახლეთა ძალადობას პალესტინელების წინააღმდეგ. აღმასრულებელი განკარგულება პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 1 თებერვალს გამოსცა. ფინანსური სანქციების სამიზნე ოთხი ისრაელელი მამაკაცია, რომელთაც ბრალი ედებათ პალესტინელებზე ძალადობაში მონაწილეობასა და წახალისებაში.
თეთრი სახლის განმარტებით, ეს ნაბიჯი ასახავს ვაშინგტონის „ერთიან მიდგომას“ ისრაელსა და “ჰამასს” შორის მიმდინარე ომის მიმართ. ისრაელზე პალესტინელთა თავდასხმის შემდეგ, ისრაელის მიერ ღაზის სექტორში დაწყებულმა საპასუხო ომმა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზეც მზარდი ძალადობა გამოიწვია.
იმავე დღეს ბაიდენი მიჩიგანის შტატში ავტომწარმოებელთა პროფკავშირებთან წინასაარჩევნო შეხვედრაზე იმყოფებოდა. მიჩიგანი წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე კრიტიკული მნიშვნელობის შტატია, რომელიც არაბული წარმოშობის ამერიკელთა ყველაზე დიდი კონცენტრაციით გამოირჩევა.
„ისრაელის მთავრობის ოფიციალური პირებისთვის სანქციების დაწესება არ იგეგმება“, – უთხრა 1 თებერვალს „ამერიკის ხმას“ საპრეზიდენტო თვითმფრინავის ბორტზე მყოფმა ჯონ კირბიმ, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერმა. მისი თქმით, განკარგულება კონკრეტულად მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მიმდინარე ძალადობას ეხება.
კირბიმ უარყო მოსაზრება, თითქოს, ამ ნაბიჯს პრეზიდენტი ბაიდენი ისრაელის პრეზიდენტის ბენიამინ ნეთანიაჰუს და მისი მთავრობის უკიდურესად მემარჯვენე ნაწილის მიმართ, საკუთარი უკმაყოფილების გამოსახატად იყენებს. მათ შორის ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი ბენ გვირიც მოიაზრება. ისრაელზე 7 ოქტომბერს მომხდარი “ჰამასის” თავდასხმის შემდეგ, გვირმა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს ქალაქებში, ისრაელელ სამოქალაქო პირებს 10 000-ზე მეტი თოფი დაურიგა.

ასევე დაგაინტერესებთ

პაველ ჰერჩინსკი – გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც აზიანებს მეგობრობას – ჩვენ არ ვკარგავთ იმედს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება, ამიტომ მზად ვართ, განვაახლოთ მუშაობა – ერთად უფრო ძლიერები ვართ: „ძმაო, ძმითა ხარ ძლიერი“