ამ მომენტზე 16 წლის განმავლობაში ვოცნებობდით. ვიზიარებთ ყველა თავისუფლებისმოყვარე უნგრელის და მშვიდობისმოყვარე უკრაინელის გრძნობას, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი სერგეი ლაგოდინსკი სოციალურ ქსელში წერს.
„ორბანი დასრულდა. გაუმარჯოს თავისუფლებას! შეგვიძლია, გთხოვთ, ჯეი დი ვენსი თბილისში ახლავე მივიწვიოთ?“ – აცხადებს ევროპარლამენტარი.
ცნობისთვის, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი რამდენიმე დღის წინ უნგრეთში იმყოფებოდა, სადაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში, ხმების 72.44%-ის დათვლის შემდეგ, ოპოზიციის ლიდერის პიტერ მადიარის პარტია „ტისა“ ლიდერობს. აღნიშნული მონაცემების თანახმად, „ტისა“ 199-ადგილიან პარლამენტში 138 მანდატს მიიღებს, ხოლო პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესი“ და მისი მოკავშირე ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია (KDNP) 54 ადგილს. სავარაუდოდ, 7 ადგილს მოიპოვებს ულტრამემარჯვენე მოძრაობა „ჩვენი სამშობლო“. ვიქტორ ორბანმა არჩევნებში დამარცხება აღიარა.




