არტემის II-ის კოსმოსური ხომალდის წყნარ ოკეანეში დაშვებაAPNASA-ს მისია არტემის II-ის ორიონის ტიპის კოსმოსური ხომალდი წყნარ ოკეანეში წარმატებით დაეშვა.
დაშვების შემდეგ ეკიპაჟის მეთაურმა რიდ უაისმენმა მისიის სამმართველო შტაბს შეატყობინა, რომ ეკიპაჟის ოთხივე ასტრონავტი სტაბილურ მდგომარეობაში იყვნენ. მისიის ფარგლებში ასტრონავტებმა მთვარის გარშემო იმოგზაურეს და კოსმოსში ჯამში 10 დღე გაატარეს.
აშშ-ს საზღვაო ძალების სამძებრო-სამაშველო გემებმა და ვერტმფრენებმა ხომალდის ადგილმდებარეობას მალევე მიაგნეს და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ ასტრონავტებს ხომალდიდან გამოიყვანეს.
მისიის კოსმიური ხომალდის ეკიპაჟის წევრები არიან: ეკიპაჟის მეთაური რიდ უაისმენი (აშშ), მისიის სპეციალისტი ჯერემი ჰანსენი (კანადა), მისიის სპეციალისტი კრისტინა კოხი (აშშ) და პილოტი ვიქტორ გლოვერი (აშშ). კოხი გახდა პირველი ქალი, გლოვერი – პირველი ფერადკანიანი ადამიანი, ხოლო ჰანსენი – პირველი არაამერიკელი, რომელმაც მთვარის გარშემო იმოგზაურა.
“ისინი ვარსკვლავებისკენ კაცობრიობის ელჩები იყვნენ და მე უკეთეს ეკიპაჟს ვერ წარმოვიდგენ” – თქვა NASA-ს წარმომადგენელმა ჯარედ აიზაკმანმა სამაშველო გემიდან.
არტემის II მთვარეზე არ დაშვებულა და არც მის ორბიტაზე შესულა, თუმცა მან გააუმჯობესა აპოლო 13-ის მიერ დამყარებული მანძილის რეკორდი და ადამიანების მიერ დედამიწიდან ოდესმე შესრულებულ ყველაზე შორ მოგზაურობად იქცა – ყველაზე შორ წერტილში ეკიპაჟი დედამიწიდან 406 771 კილომეტრით იყო დაშორებული.
წყალში რბილ დაშვებამდე არტემის II დედამიწის ატმოსფეროში დაბრუნებისას 11 026 მეტრი წამში, ანუ 39 693 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია, რაც რეკორდს მცირედით ჩამორჩებოდა.