სააპელაციომ გიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავა პატიმრობაში დატოვა

კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების დროს დაკავებულები – გიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავა პატიმრობაში რჩებიან. გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ მიიღო. სააპელაციომ განუხილველად დატოვა დაკავებულების ადვოკატის სარჩელი აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე.
პატიმრობის შესაძლო შეცვლის შესახებ რამდენიმე დღის წინ საქმის პროკურორმა განაცხადა. ის განმარტავდა, რომ პატიმრობის შეცვლას იმ შემთხვევაში მოითხოვდა, თუ ბრალდებულები დანაშაულს აღიარებდნენ და ზიანს აანაზღაურებდნენ.
23 ნოემბერს, კეკელიძის N1-ში ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების პროცესი მიმდინარეობდა. ადგილზე დაპირისპირება და ხმაური იყო. საცხოვრებელ კორპუსთან დილიდან შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებიც ბინიდან ოჯახის გამოსახლებას აპროტესტებდნენ.
გამოსახლების პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ჯამში, 20 ადამიანი დააკავეს. ჩიქობავას და ხასაიას სისხლის სამართლის კოდექსით ედავებიან, 18 ადამიანი კი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს.
პროკურატურა ჩიქობავასა და ხასაიას აღსრულების პოლიციის მანქანის დაზიანებაში ადანაშაულებს. სასამართლომ ორივე პატიმრობაში დატოვა.