[VIDEO] “მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე და აკეთებ… მიყვარხარ” – სიმეონემ გრიზმანს პრესკონფერენციაზე ემოციურად მიმართა

მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ “ბარსელონასთან” მატჩისწინა პრესკონფერენციაზე კომენტარი ანტუან გრიზმანის შესახებ გააკეთა.
მოგეხსენებათ, რამდენიმე კვირის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შესახებ ფრანგი ფეხბურთელი კარიერას MLS-ში, კერძოდ კი “ორლანდო სიტიში” გააგრძელებს.
სიმეონემ გრიზმანს მადლობა საჯაროდ გადაუხადა და ემოციურად მიმართა.
“ყველა კითხვაზე პასუხის გაცემამდე, მსურს, როგორც მწვრთნელმა და “ატლეტიკოს” გულშემატკივარმა, ვისარგებლო ამ შესაძლებლობით და დღეს, ანტუანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, მადლობა გადაგიხადო შენი შრომისა და თავმდაბლობისთვის. შენ ხარ ადამიანი, რომელიც დღევანდელი ახალგაზრდებისთვის აღფრთოვანებისა და მიბაძვის ღირსია; საზოგადოებას შენნაირი ადამიანები სჭირდება.
მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე და კვლავ აკეთებ, და ყველაფრისთვის. მადლობა ერთგულებისთვის, პროფესიონალად და ადამიანად დარჩენისთვის. იმისთვის, რომ იცოდი როგორ შეგვენარჩუნებინა ის შესანიშნავი ურთიერთობები, რომლებიც როგორც ოჯახმა შევქმენით, ისე რომ არ გადაგველახა ის ზღვარი, რაც მწვრთნელ-ფეხბურთელის ურთიერთობასა და მეგობრობას შორის არსებობს. მე შენ პირველ რიგში მოთამაშედ გხედავ და შემდეგ – მეგობრად.
დარჩენილია რვა ჩემპიონატის მატჩი, ერთი ესპანეთის თასის შეხვედრა და, ღმერთის ნებით, კიდევ ხუთი ჩემპიონთა ლიგის მატჩს ვითამაშებთ. ამიტომ მინდა, რომ განაგრძო სიამოვნების მიღება. ძალიან მიყვარხარ. დღეს აქ რომ ყოფილიყო ნებისმიერი “ატლეტიკოს” გულშემატკივარი, ისიც იმავეს იტყოდა. მე მათ სრულად ვეთანხმები.
მე შენი მწვრთნელი ვარ და იცი, რომ თუ ხვალ თავს სათანადოდ ვერ წარმოაჩენ, შეგცვლი. ბოდიში, უბრალოდ ამ სიტყვების თქმა მინდოდა,” – განაცხადა სიმეონემ.
შეგახსენებთ, “ბარსელონასა” და “ატლეტიკოს” მატჩი დღეს, “კამპ ნოუზე” გაიმართება.