დაინერგება ახალი, საქართველოს C5 კატეგორიის ორდინალური ვიზა – კანონპროექტი

ქართული ოცნების ახალი კანონპროექტის თანახმად ცლილებები შედის “უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონში, რომლის თანახმადაც დაინერგება ახალი – C5 კატეგორიის ორდინალური ვიზა. კანონპროქტი ივანიშვილის დეპუტატმა ლევან მახაშვილმა საგარეო ურთიერთობათა კონიტეტზე წარადგინა.
C5 კატეგორიის ორდინალური ვიზა არის მრავალჯერადი მოკლევადიანი ვიზა, რომლეიც გაიცემა 5 წლის მოქმედების და საქართველოში ყოფნის 1 წლის ვადით.
კანონპროექტის თანახმად, “მრავალჯერადი მოკლევადიანი ვიზა შეიძლება გაიცეს არაუმეტეს 5 წლის მოქმედების ვადით. ამასთანავე, უცხოელის საქართველოში შემოსვლისა და ყოფნის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 90 კალენდარულ დღეს ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში, გარდა ამავე მუხლის მე-71 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა”.
“მრავალჯერადი მოკლევადიანი ვიზა გაიცემა იმ უცხოელზე, რომელიც წინა წლის განმავლობაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთხელ მაინც იმყოფებოდა საქართველოში და რომლის მიერ მრავალჯერადი მოკლევადიანი ვიზის მოთხოვნის საფუძველი არსებობს, თუ საქართველოს მთავრობის დადგენილებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მრავალჯერადი მოკლევადიანი ვიზა, ასევე, შეიძლება გაიცეს 5 წლის მოქმედებისა და საქართველოში ყოფნის 1 წლის ვადით მხოლოდ C5 კატეგორიის ორდინალური ვიზის გაცემის შემთხვევაში.
C5 კატეგორიის – მოკლევადიანი მიზნებით საქართველოში მომავალ პირზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიზე შემოდის ტურისტული მიზნით და რომელსაც ასევე აქვს უფლება განახორციელოს საქმიანობა მხოლოდ არარეზიდენტი პირის სასარგებლოდ თუ ის უკავშირდება არარეზდენტი პირის მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ საქმიანობის განხორციელებას. ამ კატეგორიის ვიზა ასევე გაიცემა პირის მეუღლესა და არასრულწლოვან შვილზე/შვილებზე”. – წერია კანონპროექტში.
“C5 კატეგორიის ვიზა არის მიზნობრივი და თანამედროვე ეკონომიკური ინსტრუმენტი, რომლის შემოღებით მოხდება უსაფრთხო ქვეყნებიდან დაბალრისკიანი და მაღალშემოსავლიანი ვიზიტორების მოზიდვა. აღნიშნული კატეგორიის ვიზა ქმნის დამატებით შესაძლებლობას ინვესტიციების მოსაზიდად. ასევე,  წარმოდგენილ ინიციატივას მნიშვნელოვანი როლი აქვს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის გაუმჯობესების კუთხითაც”. – განაცხადა მახაშვილმა.
ახალი ცვლილებებით, საქართველოს ვიზის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ დაექვემდებარება.
კანონპროექტიდან გამომდინარე, ცვლილებები შედის საკონსულო მოსაკრებლის შესახებ და სახელმწიფო ბაჟის შესახებ კანონებში, რომლის თანახმად, C5 კატეგორიის ვიზის გაცემის საკითხის განხილვისთვის მოსაკრებელი და ბაჟი განისაზღვრება არანაკლებ 20 და არაუმეტეს 500 დოლარის ოდენობით.
განმარტებითი ბარათის თანახმად, “ცვლილება უპირველესად განპირობებულია შედარებით უსაფრთხო ქვეყნებიდან მაღალი მსყიდველუნარიანობის მქონე ვიზიტორების მოზიდვის სტრატეგიული საჭიროებით”.
“ახალი რეგულაციით იქმნება მექანიზმი, რათა აღნიშნულმა პირებმა შეძლონ განგრძობითი პერიოდის განმავლობაში მრავალჯერადად შემოსვლა საქართველოში, რის სანაცვლოდაც ისინი გადაიხდიან შესაბამის, მაღალ სავიზო მოსაკრებელს.
C5 კატეგორიის ვიზის შემოღება წარმოადგენს მიზნობრივ და თანამედროვე ეკონომიკურ ინსტრუმენტს, რომელიც მიმართულია მაღალი გადახდისუნარიანობის მქონე უცხოელი ვიზიტორების მოზიდვისკენ. აღნიშნული ინიციატივა ეფუძნება იმ გარემოებას, რომ შეძლებული ტურისტები გამოირჩევიან მაღალი მსყიდველუნარიანობით და ქმნიან მნიშვნელოვან ეკონომიკურ ეფექტს მასპინძელი ქვეყნისთვის. მათი ვიზიტები ზრდისტურიზმის  სექტორში შემოსავლებს, აძლიერებს მომსახურების სფეროს და უზრუნველყოფს უცხოური ვალუტის სტაბილურ შემოდინებას.
C5 ვიზა ქმნის ინვესტიციების მოზიდვის დამატებით შესაძლებლობას. საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ მაღალი ქონებრივი სტატუსის მქონე ვიზიტორები ხშირად ინტერესდებიან ბიზნესის დაწყებით, რაც ეკონომიკაში დამატებითი კაპიტალის შემოდინებას იწვევს. შესაბამისად, აღნიშნული ინიციატივა შეიძლება იქცეს ინვესტიციების სტიმულირების ეფექტურ მექანიზმად”. – წერია განმარტებით ბარათში.