აზერბაიჯანელი დისიდენტი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი აკრიტიკებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ილჰამ ალიევის პოლიტპატიმრებზე გაკეთებული განცხადებების გამო.სააკაშვილმა გუშინ გაავრცელა განცხადებაში, რომელშიც ნათქვამია, რომ “ალიევს ივანიშვილისგან განსხვავებით, პრაქტიკულად არ ჰყავს პოლიტპატიმრები”.აფგან მუხთარლი, რომელიც თავის დროზე საქართველოდან გაიტაცეს აზერბაიჯანში და ციხეში ჩასვეს, აცხადებს, რომ ამჟამად აზერბაიჯანში 40-ზე მეტი ჟურნალისტი ზის საპყრობილეში, საერთო ჯამში კი 400 პოლიტპატიმარია ქვეყანაში.“ის ორგანიზაციები, რომლებიც სააკაშვილს აცხადებენ პოლიტპატიმრად, ამ პირებსაც ცნობენ სინდისის პატიმრებად. Abzas Media, Meydan.tv და Toplum TV-ს მსგავსი დამოუკიდებელი მედია საშუალებების ხელმძღვანელები და რედაქცია სრული შემადგენლობით არის დაპატიმრებული. ყალბი ბრალდებებით დაკავებულ ჟურნალისტებს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ციხეში ჩასვეს. ეს ადამიანები საერთაშორისო ორგანიზაციების, ევროსაბჭოსა და ევროკავშირის მიერ სინდისისა და პოლიტიკური პატიმრებად არიან აღიარებულები. ალიევის რეჟიმის ანტიდემოკრატიული ხასიათისა და პოლიტპატიმრების გამო აზერბაიჯანის საქმიანობა ევროსაბჭოში შეჩერებულია. სააკაშვილის მეგობარი ალიევი, ფაქტობრივად, ევროსაბჭოდან გარიცხეს”, – წერს მუხთარლი და დასძენს, ის რომ ბაქოში დეპორტირებული აფგან სადიგოვი ამჟამად ციხეში არ არის, ეს მას საფრთხისაგან არ აზღვევს.მუხთარლის თქმით, პრეზიდენტობისას სააკაშვილს არასდროს გაუკრიტიკებია ილჰამ ალიევი აზერბაიჯანში კორუფციის, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევებისა და პოლიტიკური მკვლელობებისთვის, პირიქით მისი ლობირებით იყო დაკავებული საერთაშორისო არენაზე.“სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდშიც კი თბილისი აზერბაიჯანელი ოპოზიციონერებისთვის საშიში ქალაქი იყო. მე სააკაშვილივით უსინდისობას არ დავუშვებ. მე ივანიშვილს ილჰამ ალიევის მსგავსად დიქტატორად მივიჩნევ. დღეს ეს ორი დიქტატორი — ივანიშვილი და ალიევი — თბილისში, ერთ-ერთ ცათამბჯენში ერთმანეთს ეხუტება, თბილისის ხედით ტკბებიან და საერთო ბიზნესით მოგებებს განიხილავენ,ჩემი კოლეგები და მეგობრები — სევინჯი, ნარგიზი, ულვიჯა, აინური, აიტაჯი, ელნარა, ნათიგი, ჰაფიზი და 40 ჟურნალისტი — კი ალიევის ციხეებში ისჯებიან. მე მოვითხოვ ყველა პოლიტპატიმრის, მათ შორის სააკაშვილის, გათავისუფლებას. და კიდევ ერთი, მე თვითონაც ვიყავი პოლიტპატიმარი. და ეს დაადასტურა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ. მე გავთავისუფლდი ევროკავშირის პარლამენტის სპეციალური რეზოლუციით. 3 წელი აკრძალული მქონდა ოჯახთან ვიდეო-საუბარი. 3 წელი არ მომეცა ორი ქალიშვილის — რომელთაგან ერთი არასრულწლოვანი იყო — სახის ხილვის უფლება. „ტანჯული“ სააკაშვილი კი დიქტატორ ივანიშვილის ციხიდან სოციალურ ქსელებს ფართოდ და ყველა მიმართულებით იყენებს. ამ პირობებს აზერბაიჯანში მყოფ პოლიტპატიმრებს, მათ შორის ოპოზიციის ლიდერ ალი ქერიმლის, არ უქმნიან”, – წერს მუხთარლი.რა წერია სააკაშვილის პოსტში, რომლის გამოც მას მუხთარლი აკრიტიკებს.“მივესალმები ილჰამ ალიევის ვიზიტს საქართველოში. რაც შეეხება აფგან სადიგოვს, ის ბაქოში მალევე გაათავისუფლეს, ალიევს ივანიშვილისგან განსხვავებით, პრაქტიკულად არ ჰყავს პოლიტპატიმრები. ასევე აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტი მიუტალიბოვი, რომელიც ალიევებთან დაპირისპირებული იყო, არავის დაუპატიმრებია და დიდ პატივში ცხოვრობს ბაქოში, ისევე როგორც ელჩიბეი, პრეზიდენტობის შემდეგ, სიკვდილამდე, საგანგებოდ გამოყოფილ რეზიდენციაში ცხოვრობდა ნახიჩევანში”, – წერს სააკაშვილი.



