ქართულმა “კლასიკომ” ქუთაისში დიდი ინტერესი გამოიწვია. ძნელი გასახსენებელია იმერეთის მთავარ ქალაქში ბოლო როდის მოვიდა ამდენი ქომაგი. ვფიქრობთ, გულშემტკივარი მეტს იმსახურებდა, პირველ რიგში – გოლებს.
აქ არ არის ლაპარაკი იმაზე, “ტორპედო” მოიგებდა თუ “დინამო”, ზოგადად, ფეხბურთის ხარისხი უფრო მაღალი უნდა ყოფილიყო, პირველ რიგში კი ტემპი, რომელიც ბოლო 20 წუთში შედარებით გაიზარდა.
ტორპედოელთაგან გამოირჩეოდა გიორგი არაბიძე, რომელიც ამწვავებდა თამაშს, ხოლო სტუმართგან კარგი იყო საბა ხარებაშვილი, რომელსაც დიდი ჯაფა კი დააწვა, მაგრამ რამდენიმე ეპიზოდში იყოჩაღა და კარგად გაართვა თავი მოვალეობას.
0:0 – ზუსტად ასახავს მოედანზე განვითარებულ მოვლენებს. ცხრილში ისეთი სიმჭიდროვეა, ყოველმა ტურმა შეიძლება ყველაფერი თავდაყირა დააყენოს. უახლოესი მატჩები კი 11 აპრილსაა, როცა პირველი ტურის გადმოტანილი მატჩები უნდა გაიმართოს. თბილისში ორი “დინამოს” დაპირისპირებაა.
ტორპედო-დინამო (თბ) 0:0
ტორპედო: კლიაიჩი, შერიფი, მანე, შიმიჩი, ნადარაია, არაბიძე, ითრაქი, მამუჩაშვილი, პირესი – ანდრიჩი, დეისაძე (გ. კოხრეიძე 73)
დინამო: ლორია, ს. ხარებაშვილი, უგრეხელიძე (სანტუში 78), კურდიჩი, კალანდაძე, ნინუა, იორო (ზარია 78), მონტეირუ (დონკორი 78), ოსეი, გ. ხარებაშვილი (ქვარცხავა 83), დოლტმურზიევი (სირაძე 83)
არბიტრი: გ. ყრუაშვილი