ინგლისის თასის მეოთხედფინალში „ლივერპული“ გასვლაზე „მანჩესტერ სიტისთან“ 0:4 განადგურდა.
სტუმრებმა თამაში აქტიურად დაიწყეს და პირველი მომენტიც შექმნეს, როდესაც მამარდაშვილის პასით სალაჰი ხელსაყრელ პოზიციაზე გავიდა, მაგრამ მან მიზანს ვერ უწია. კარგი შანსი ეკიტიკემაც ვერ გამოიყენა. აქედან მოყოლებული „სიტი“ იერიშებზე გადავიდა და შედეგსაც მიაღწია: ვან დეიკმა საჯარიმოში შერკი წააქცია და პენალტით მასპინძლები ჰოლანმა დააწინაურა, პირველი ტაიმის ბოლოს კი ჰოლანმა დუბლი შეასრულა.
შესვენების მერე დაცვაში მერსისაიდული გუნდის უუნარო თამაში კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა და მამარდაშვილის კარი სემენიომ და ჰოლანმა დალაშქრეს. „წითლებს“ ანგარიშის მცირედით შემცირება შეეძლოთ, თუმცა ეკიტიკეს მოპოვებული თერთმეტმეტრიანი სალაჰმა ვერ გამოიყენა.
„ლივერპული“ 8 აპრილს პარიზში, ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში პსჟ-ს დაუპირისპირდება.
მანჩესტერი. „ეტიჰადი“
მანჩესტერ სიტი – ლივერპული 4:0
გოლები: 1:0 ჰოლანი (39, პენ), 2:0 ჰოლანი (45+2), 3:0 სემენიო (50), 4:0 ჰოლანი (57)
გამოუყენებელი პენალტი: სალაჰი (64)