RFE/RL, ტაბულა პირდაპირ ერევა სინოდის საქმიანობაში, გვექნება რეაგირება – პაპუაშვილი

ივანიშვილის პარლამენტის თავჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ რადიო თავისუფლებას, ტაბულასა და სხვა ონლაინგამოცემებს “აქვთ კამპანია კონკრეტული სასულიერო პირების წინააღმდეგ.”
პაპუაშვილმა ასევე თქვა, რომ ყველაფერს აკვირდებიან და ექნებათ რეაგირება.
“მნიშვნელოვანია, რომ არავინ ჩაერიოს ეკლესიის გადაწყვეტილებებში და მათ შორის, იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც ჯერ წინ აქვს წმიდა სინოდს და ასევე ჩვენ ძალიან დეტარულად დავაკვირდებით ვინ შეეცდება ეკლესიის საქმეებში ჩარევას.
დღეს შეგვიძლია უკვე ვთქვათ, რომ არის გარე ჩარევის მცდელობები. მაგალითად, უცხოური დაფინანსების მქონდე პარტიული პროპაგანდისტული ჯგუფები, რადიო თავისუფლება, ტაბულა პირდაპირ ერევა სინოდის საქმიანობაში. პირდაპირ დაწყებული აქვთ კამპანია კონკრეტული სასულიერო პირების წინააღმდეგ.
ჩვეულებრივი საარჩევნო კამპანია აქვთ რადიო თავისუფლებას, ტაბულას და ონლაინგამოცემებს – პუბლიკას, ნეტგაზეთს და ასე შემდეგ. აქვთ პირდაპირი საარჩევნო კამპანია სხვადასხვა სასულიერო პირის სასარგებლოდ თუ საწინააღმდეგოდ.
ეს არის ზუსტად იგივე მეთოდი, რასაც ჩვენ ვხედავდით 2024 წელს, როდესაც ევროკავშირის წარმომადგენლები ერეოდნენ საქართველოს არჩევნებში. როგორც ევროკავშირის ელჩი ერეოდა 2024 წლის საქართველოს პოლიტიკურ არჩევნებში, დღეს ვხედავთ ჩვენ, მათ შორის, დიდი ალბათობით ევროპული ფულით დაფინანსებული ორგანიზაციების მხრიდან ჩარევას ეკლესიის საქმეებში.
კიდევ ერთხელ ამას ძალიან დეტალურად ვაკვირდებით, აქედანვე უნდა იცოდეს ყველამ, მათ შორის, უცხოელებმა, ვინც ამას აფინანსებს, რომ ეს ყველაფერი აღირიცხება, ყველაფერს ვაკვირდებით და ყველაფერზე გვექნება რეაგირება.” – თქვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, 22 მარტს საკუთარ გადაცემაში ოცნების პროპაგანდისტი გია გაჩეჩილაძე (უცნობი) ილია მეორის დაკრძალვამდე უკვე არიგებდა წმიდა სინოდს თუ ვინ უნდა აერჩიათ პატრიარქად.
ჯერ არ დაუკრძალავთ – უცნობი წმიდა სინოდს უკვე არიგებს, ვინ უნდა აირჩიონ პატრიარქად
“სინოდმა უნდა მიიღოს ის გადაწყვეტილება, რაც დაიბარა პატრიარქმა. შემთხვევით პატრიარქს არაფერი არასდროს არ გაუკეთებია და ერთი სიტყვაც კი არ წამოსცდენია შემთხვევით. ასე რომ, თქვენგან ველით ერთსულოვნებას, პატივცემულებო, დიდი სიყვარულით.” – განაცხადა (უცნობმა)
მოგვიანებით, 24 მარტს, გაჩეჩილაძემ (უცნობი) გადაცემაში განაცხადა, რომ მეუფე ისაიამ თავისი კანდიდატურა მეუფე შიოს სასარგებლოდ მოხსნა და თქვა, რომ ვინც დარჩება და არ მოხსნის მოსაყდრის სასარგებლოდ, მოღალატეა.
მეუფე ისაიამ ინტერპრესნიუსს განუცხადა – “ჯერ შორი დროა არჩევნებამდე, ამიტომ ჯერ არავის დაუსახელებია ვინმე კანდიდატად, ამიტომაც ჯერ ვერავინ მოხსნიდა თავის კანდიდატურას, მგონია, გასაგებად ვამბობ… დანარჩენს კი დრო გამოაჩენს, რა როგორ იქნება.”
უცნობი წმიდა სინოდის წევრებზე გაკეთებული განცხადების გამო ბოდიშს იხდის
ამ განცხადებიდან მალევე, 27 მარტს “უცნობმა” ეთერში ბოდიში მოიხადა სინოდის წევრებზე გაკეთებული განცხადების გამო და განმარტა, რომ “ნერვებმა ვეღარ გაუძლო”