მედია: ჰეგსეთმა -ს არმიის შტაბის უფროსი გაათავისუფლა

აშშ-ს ომის მინისტრი, პიტ ჰეგსეთი და -ს არმიის შტაბის ყოფილი უფროსი, რენდი ჯორჯიReuters-ს აშშ-ს თავდაცვის სამმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა, რომ 2 აპრილს აშშ-ს ომის მინისტრმა, პიტ ჰეგსეთმა არმიის შტაბის უფროსი რენდი ჯორჯი გაათავისუფლა.
მედია აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჰეგსეთი სწრაფად ცდილობს უწყების გარდაქმნას, ომის დროს გენერლის გათავისუფლება თითქმის უპრეცედენტოა.
პენტაგონმა დაადასტურა, რომ ჯორჯი, რომელსაც შტაბის უფროსის როლში კიდევ ერთ წელზე მეტი უნდა ემსახურა, “დაუყოვნებლივ დატოვებს აშშ-ს არმიის 41-ე შტაბის უფროსის პოზიციას და გადადგება”.
ორმა ოფიციალურ პირმა Reuters-თან ასევე აღნიშნა, რომ ჰეგსეთმა ასევე გენერალი დევიდ ჰოდნი, რომელიც არმიის ტრანსფორმაციისა და წვრთნის სარდლობას ხელმძღვანელობდა, და გენერალ-მაიორი უილიამ გრინი, არმიის კაპელანთა კორპუსის უფროსი გაათავისუფლა.
უწყებას არ დაუსახელებია ჯორჯის გათავისუფლების მიზეზი, რაც ხდება იმ ფონზე, როდესაც აშშ-ს სამხედრო ძალები ახლო აღმოსავლეთში საკუთარ კონტინგენტს ზრდიან და ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებს აწარმოებენ.
Reuters აღნიშავს, რომ რეგიონში აშშ-ს იერიშების უმეტესობას საზღვაო და საჰაერო ძალები ახორციელებენ, თუმცა აშშ-ს არმიის ჯარისკაცები ახლო აღმოსავლეთში საჰაერო თავდაცვის სისტემების სამართავად არიან გაგზავნილნი. არმია აშშ-ს სამხედრო ძალების ყველაზე დიდი დანაყოფია, დაახლოებით 450,000 მოქმედი სამხედრო მოსამსახურით.
ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა მედიას განუცხადა, რომ ჰეგსეთის ყოფილი სამხედრო თანაშემწე და არმიის შტაბის უფროსის მოადგილე, გენერალი კრისტოფერ ლანივი, გენერალ ჯორჯის მოვალეობას დროებით შეასრულებს. Washington Post კი წერს, რომ  ლანივი, სავარაუდოდ, არმიის შტაბის უფროსის მოვალეობასაც დაიკავებს.