აშშ-ს F-15E ტიპის ავიაგამანადგურებელიChris Radburn / Agence France-Presse / Getty Imagesგამოცემა Axios-ის ინფორმაციით, ირანში ჩამოგდებული ამერიკული ავიაგამანადგურებლის ორი პილოტიდან ერთ-ერთს აშშ-ს სპეციალურმა ძალებმა მიაგნეს და ის უკვე გადარჩენილია, ხოლო მეორე პილოტის სამძებრო სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს.
პარალელურად, მეორე ამერიკელ პილოტს ირანიც აქტიურად ეძებს, რის ფარგლებშიც რეჟიმმა დახმარება მოსახლეობასაც სთხოვა.
წყაროების თქმით, ირანში ჩამოვარდნილი F-15E ტიპის ავიაგამანადგურებლის ორივე პილოტმა კატაპულტირება წარმატებით შეძლო, რის შემდეგაც აშშ-ს სპეცდანიშნულების ძალებმა ერთ-ერთ მათგანს ირანის ტერიტორიაზე მიაგნეს. ამერიკელი პილოტი ცოცხალია.
ამასთან, ისრაელურმა წყარომ Axios-ს განუცხადა, რომ ისრაელმა ირანში დაგეგმილი იერიშები გააუქმა, რათა ხელი არ შეშლოდა ამერიკელი პილოტების სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ომის დაწყების შემდეგ ირანმა აშშ-ს ავიაგამანადგურებლის ჩამოგდება შეძლო. თეთრი სახლის პრესმდივანმა, ქეროლაინ ლივიტმა, Axios-ს განუცხადა, რომ ინციდენტთან დაკავშირებით პრეზიდენტი ტრამპი ინფორმირებულია.