საია: სტრასბურგმა ამაღლობელის მიმართ არასათანადო მოპყრობის თაობაზე საჩივარი დაარეგისტრირა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი, არასათანადო მოპყრობის თაობაზე, დაარეგისტრირა.
“საჩივარი შეეხება 2025 წლის 12 იანვარს მზია ამაღლობელის მიმართ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობას და ამ საქმის არაეფექტიან გამოძიებას. საია დავობს, რომ მზია ამაღლობელის მიმართ დაირღვა კონვენციით გათვალისწინებული ფუნდამენტური უფლებები: წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა და ამასთან კავშირში ეფექტიანი გამოძიების წარმოების ვალდებულება; დისკრიმინაციის აკრძალვა; პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება; სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება.
აღნიშნული საჩივარი 2026 წლის 4 მარტს გაიგზავნა და ევროპულმა სასამართლომ საქმე 1 კვირაში, 2026 წლის 11 მარტს, უკვე დაარეგისტრირა. ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ ორგანიზაციას 1 აპრილს ეცნობა”. – წერს საია
სტრასბურგის სასამართლოში საიას გასაჩივრებული აქვს მზია ამაღლობელის კიდევ 2 საქმე. პირველი საქმე მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონო გამოყენებას ეხება, სადაც საიამ უკვე წარადგინა წერილობითი შეპასუხება სახელმწიფოს პოზიციაზე, ხოლო მეორე საქმის საჩივარი, რომელიც მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ დაკავებას და მასთან დაკავშირებულ დარღვევებს უკავშირდება, ასევე, დარეგისტრირებულია.
მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით 11 იანვარს დააკავეს. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ჟურნალისტისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო. 19 თებერვალს კი ქუთაისის სააპელაციომ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა პატიმრობის გაუქმების შესახებ.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, სასამართლომ გაყალბებული ოქმი გამოიყენა პატიმრობის გასამართლებლად.
მზია ამაღლობელი 38 დღე შიმშილობდა. 18 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტი ექიმების დახმარებით კვებას აღადგენდა.