მზია ამაღლობელის საქმე პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიაზე განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაცია გამოცემა ბათუმელები ავრცელებს.
მათი თქმით, კომისიამ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ მზია ამაღლობელის პირობით ვადამდე გათავისუფლების გადაწყვეტილების მიღება “იქნება იმ მრავალრიცხოვანი სამართალდამცავების უპატივცემულობა, რომლებიც იცავენ ქვეყნის მართლწესრიგისა და კანონისადმი პატივისცემას.”
“მიუხედავად პენიტენციური დაწესებულების მიერ წარდგენილი დადებითი დახასიათებისა, კომისიამ უარი თქვა ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე. გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ სასჯელის მოხდისას წახალისების ზომების გამოყენება არ მიაჩნია ამაღლობელის გათავისუფლების გადაწყვეტილებისთვის გასათვალისწინებელ გარემოებად.
ადგილობრივმა საბჭომ, ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნია, რომ მზია ამაღლობელის შუამდგომლობა პირობით ვადაზე გათავისუფლების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციიდან მოწოდებული მასალების თანახმად, მზია ამაღლობელი დღემდე არ ნანობს მის მიერ ჩადენილ ქმედებას – ანუ კვლავ დემონსტრაციულად რჩება იმ აზრზე, რომ მისი ქმედება არ წარმოადგენს დანაშაულს.
ასევე იგი სხვადასხვა მიზეზების მოშველიებით არ ერთვება ადმინისტრაციის მხრიდან მისთვის შეთავაზებულ სოციალურ პროგრამებში, რაც პირდაპირპროპორციულად არის დაკავშირებული მსჯავრდებულის რესოციალიზაციის პროცესთან.
ამ კრიტერიუმზე მსჯელობისას საბჭომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია სწორედ იმ გარემოებას, რომ დღეის მდგომარეობით, სასჯელის მოხდილმა ნაწილმა არანაირი გავლენა არ მოახდინა მზია ამაღლობელის რესოციალიზაციის პროცესზე,“ – წერია პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განხილვის ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებაში, ბათუმელების ცნობით.
გამოცემის თქმით, შუამდგომლობა 2026 წლის 9 მარტს განიხილეს, გადაწყვეტილება კი მზია ამაღლობელს 30 მარტს ჩაჰბარდა.
მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით 11 იანვარს დააკავეს. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ჟურნალისტისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო. 19 თებერვალს კი ქუთაისის სააპელაციომ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა პატიმრობის გაუქმების შესახებ.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, სასამართლომ გაყალბებული ოქმი გამოიყენა პატიმრობის გასამართლებლად.
მზია ამაღლობელი 38 დღე შიმშილობდა. 18 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტი ექიმების დახმარებით კვებას აღადგენდა.
მზია ამაღლობელის საჩივარი უზენაესმა სასამართლომ განსახილველად არ მიიღო
საია: სტრასბურგმა ამაღლობელის მიმართ არასათანადო მოპყრობის თაობაზე საჩივარი დაარეგისტრირა