ქართული ოცნება ევროსაბჭოში ორბანის პარტიის ულტრამემარჯვენე პოლიტიკური ჯგუფის წევრი გახდა

ქართული ოცნება თანადამფუძნებელი გახდა ევროსაბჭოში ვიქტორ ორბანის პარტია “ფიდესის” მიერ ახლად ჩამოყალიბებული ევროსკეპტიკური და ულტრამემარჯვენე პოლიტიკური დაჯგუფების – “პატრიოტები ევროპისთვის კონგრესში”.

ცნობისთვის, ქართული ოცნება წარსულში “ევროპელი სოციალისტების პარტიის” წევრი იყო, თუმცა, 2023 წლის 29 ივნისს ევროპულმა პარტიამ მას წევრობა და ყოველგვარი ურთიერთობა შეუჩერა.

31 მარტს გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით, პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე პარტია “ფიდესის” წევრი ანა მადიარი იქნება, ხოლო მისი ვიცეთავმჯდომარეები – ჩეხეთის მმართველი პოპულისტური პარტია ANO-ს წევრი რიჩარდ ვერესი და “ქართული ოცნების” წევრი ნინო ვარდოსანიძე.

ორბანის პარტიის გარდა პოლიტიკური ჯგუფის ულტრამემარჯვენე წევრებს შორის არიან ჩეხეთის პრემიერმინისტრ ანდრეი ბაბიშის პარტია ANO, ავსტრიის “თავისუფლების პარტია,” იტალიის პარტია “ლეგა” და ესპანური “VOX”.