გალუზინი: ვიმედოვნებთ, ცნობილი პრობლემების მიუხედავად, თბილისთან ურთიერთობა განვითარდება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედიასთან საუბარში ერთხელ თქვა, რომ მზადაა საქართველოსთან ურთიერთობების იმ დონემდე აღსადგენად, რა დონეზეც თბილისი იქნება მზად.
გალუზინს რუსული სამთავრობო მედია ТАСС-ის ჟურნალისტმა ჰკითხა, ნიშნავს თუ არა კათოლიკოს-პატრიარქ -ის დაკრძალვაზე ვლადიმირ პუტინის საერთაშორისო კულტურულ საკითხთა სპეციალური წარმომადგენლის გაგზავნა საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის განახლებასთან მიახლოებას. რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა პასუხად თქვა, რომ ეს ფაქტი რუს და ქართველ ხალხს შორის “კულტურულ, ისტორიულ, სულიერ სიახლოვეზე” მეტყველებს. მისივე მტკიცებით, ქართველებსა და რუსებს “საერთო ფუნდამენტური ღირებულებები” აქვთ.
“ჩვენ უღრმესი პატივისცემა გაგვაჩნია სრულიად საქართველოს გარდაცვლილი კათოლიკოს-პატრიარქისადმი. ის ნამდვილად იყო საქართველოს ეროვნულ-სულიერი ლიდერი, ადამიანი, რომელიც იცავდა ტრადიციულ ღირებულებებს, მართლმადიდებლურ ტრადიციებს, მართლმადიდებლობის ერთიანობას და მთელ მსოფლიოში დამსახურებული ჰქონდა დიდი ავტორიტეტი. მისი ასეთი როლიდან გამომდინარე, ჩვენი, რუსეთის, მხრიდან, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციასთან ერთად, კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვაზე გავგზავნეთ რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი საერთაშორისო კულტურულ თანამშრომლობაში, მიხაილ ეფიმოვიჩ შვიდკოი. მიხაილ ეფიმოვიჩმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებსა და ქართველ ხალხს პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმარი გადასცა. რა თქმა უნდა, თავად ეს ფაქტი მეტყველებს ჩვენს ხალხთა კულტურულ, ისტორიულ, სულიერ სიახლოვეზე. ჩვენ მაინც საერთო ღირებულებების ფუნდამენტი გვაქვს.” – თქვა გალუზინმა.
22 მარტს კათალიკოს-პატრიარქ -ის დაკრძალვაზე რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის დელეგაციას, ბელორუსის ეგზარქოსთან ერთად, საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი მიხაილ შვიდკოიც ხელმძღვანელობდა.
გალუზინმა გამოთქვა იმედი, რომ, “ცნობილი პოლიტიკური პრობლემების მიუხედავად”, საქართველოსთან ურთიერთობა ეტაპობრივად განვითარდება.
“რა თქმა უნდა, ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან, ცნობილი პოლიტიკური პრობლემების მიუხედავად, ეტაპობრივად განვითარდება იქ, სადაც ორივე მხარე ამისთვის მზადაა, სადაც ეს გვპირდება ურთიერთსარგებელს. ვხედავთ, რომ დღეს აქტიურად ვითარდება ეკონომიკური, სატრანსპორტო, ტურისტული კავშირები. შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ ქართული მხარე ასევე დაინტერესებულია რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობით, ყველა პოლიტიკური სირთულის მიუხედავად.  და აქაც, მზად ვართ ნორმალიზაციის გზაზე წინსვლისთვის იქამდე, სადამდე მისვლამდეც თბილისია მზად.” – თქვა გალუზინმა.