„ვარკეთილის“ ზედა ვესტიბიულის რეაბილიტაციის პროცესი შეჩერდა

დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული მეტროსადგურის რეაბილიტაციის დაწყებიდან სამი წლისთავზე, ექსპერტიზამ „ვარკეთილის“ ზედა ვესტიბიულში „ბზარების სიდიდის დაუშვებლობა“ აღმოაჩინა, რის გამოც სამუშაოები შეჩერდა.

შესყიდვების სააგენტოს ვებსაიტზე გამოქვეყნებული დოკუმენტით ირკვევა, რომ ექსპერტიზა სახელმწიფო უწყებამ, სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ ჩაატარა.

ზედა ვესტიბიულის ჭერი, რომელზეც ბზარებია აღმოჩენილი.
ზედა ვესტიბიულის ჭერი, რომელზეც ბზარებია აღმოჩენილი.

„23.09.2025 წლის დასკვნით დადგინდა ძალოვანი სახის ბზარების სიდიდის დაუშვებლობა და შეუსაბამობა ნორმატივებით გათვალისწინებულ სიდიდესთან. შესაბამისად, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ წერილის მიხედვით სამუშაოები შეჩერებულია 5 სექტემბრიდან და სარეაბილიტაციო სამუშაოები აღნიშნულ არეალზე აღარ მიმდინარეობს“, – წერია თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიასა და კონტრაქტორ „ბადა ქონსთრაქშენს“ შორის ხელშეკრულების გადავადების შესახებ გაფორმებულ შეთანხმებაში.

მართალია, ხელშეკრულების ვადამ 31 მაისამდე გადაიწია, თუმცა უცნობია, როდის დასრულდება სარეაბილიტაციო სამუშაოები.

შეთანხმების დოკუმენტში წერია, რომ პირველ ეტაპზე უნდა გამაგრდეს ვესტიბიულის კონსტრუქცია. ამის შემდეგ კომპანია პირობას დებს, რომ სამუშაოებს 60 დღეში დაასრულებს.

იმის მიუხედავად, რომ „სატრანსპორტო კომპანიისთვის“ ცნობილი იყო, რომ მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ზედა ვესტიბიულის რეაბილიტაციის თარიღი გადაიდო, ამის შესახებ არაფერი დაწერა 13 მარტს გამოქვეყნებულ ფეისბუკპოსტში, რომელიც „სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილის დასრულებას“ შეეხებოდა.

ვრცლად

ასევე დაგაინტერესებთ