გივი მიქანაძე – ოპოზიციის მხრიდან სპეკულაციურ განცხადებებს ვისმენთ, მათი სურვილია წარმოაჩინონ, რომ მმართველ გუნდში დაპირისპირებაა – გუნდი ერთიანია – გვაქვს მოლოდინი, რომ 8-9 თებერვალს მთავრობის შემადგენლობა დამტკიცდება

ოპოზიციის მხრიდან სპეკულაციურ განცხადებებს ვისმენთ, მათი სურვილია წარმოაჩინონ, რომ გუნდში დაპირისპირებაა – გუნდი ერთიანია, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, გუნდის ერთიანობას ცხადყოფს ის 3 წელი, რომელიც ქვეყანამ, როგორც მიქანაძე აღნიშნავს, ურთულეს პერიოდში გაიარა.
„ჩვენ ერთიანობით, პარლამენტსა და მთავრობას შორის კოორდინირებული საქმიანობით შევძელით მოგვეპოვებინა შედეგები, რასაც ჩვენი ქვეყანა და ხალხი იმსახურებს. პარტიის თავმჯდომარედ გადასვლა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, უმაღლესი პოზიცია, რადგან მმართველო პარტიის თავმჯდომარეობა ნიშნავს, რომ მთელი პოლიტიკური საქმიანობის განხორციელება სწორედ პარტიიდან ხდება და იქ იგეგმება პოლიტსაბჭოს მეშვეობით ეს ყველაფერი და ამის აღსრულებაზე შემდეგ საპარლამენტო გუნდი და მთავრობა ზრუნავენ. თითოეულ პოზიციას თავის დატვირთვა აქვს და პარტიის თავმჯდომარეობა არანაკლებ დროს და ენერგიას მოითხოვს, ისევე როგორც პრემიერ-მინისტრობა. დარწმუნებული ვარ ჩვენი გუნდის ორივე ლიდერი ისე, როგორც მათთვის დამახასიათებელია, ახალ პოზიციებზე თავისთვის ჩვეული მაღალი მენეჯერული უნარებით გაუძღვებიან პროცესებს ძალიან მაღალ დონეზე“, – განაცხადა მიქანაძემ.
მისივე ინფორმაციით, ხვალ სავარაუდოდ, პარლამენტში ჩატარდება ბიუროს სხდომა, სადაც წარმოდგენილი იქნება სამთავრობო პროგრამა. ორშაბათს კი, ბიურო უკვე გრაფიკს დაადგენს. მიქანაძის თქმით, მთავრობის მხარდაჭერის საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანა 8 ან 9 თებერვალს იქნება შესაძლებელი.
„მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ოფიციალურად იქნება დასახელებული მმართველი პარტიის მიერ და ოფიციალური წარდგინება გამოიგზავნება პარლამენტში, სავარაუდოდ, ხვალ ჩატარდება ბიუროს სხდომა, რომელზეც განვიხილავთ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ის პროგრამას, რომელიც მთავრობის შემადგენლობას ექნება წარმოდგენილი პარლამენტში ნდობის მოსაპოვებლად. ორშაბათიდან კი, ბიუროს გადაწყვეტილებით გადანაწილდება და გრაფიკი გაკეთდება თუ როგორ მოხდება სამთავრობო გუნდის საკომიტეტო განხილვები. ორშაბათიდან დაიწყება გრაფიკის განხილვები და ეს მოიცავს რამდენიმე დღეს, ასევე შემდგომში იქნება პოლიტიკურ ჯგუფებთან შეხვედრები. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ დაახლოებით, 8 ან 9 თებერვალს შესაძლებელი იქნება პლენარულ სხდომაზე გავიტანოთ მთავრობის მხარდაჭერის საკითხი და დავამტკიცოთ მთავრობა მომავალ კვირას. ეს საკითხი იგზავნება პრეზიდენტთან, მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ პრეზიდენტი ხელს არ აწერს, მთავრობა დამტკიცებულად ითვლება“, – განაცხადა მიქანაძემ.
მიქანაძეს ასევე ჰკითხეს, ვინ იქნება უმრავლესობის ლიდერი და ხომ არ განიხილება მისი კანდიდატურა. თუმცა, დეპუტატი აცხადებს, რომ ის ცალსახად არ იქნება და აღნიშნავს, რომ უმრავლესობის ლიდერად მდინარაძე განიხილება.
„მე ცალსახად არ ვიქნები. უმრავლესობის ლიდერს რაც შეეხება ამის თაობაზეც გაკეთდება ოფიციალური განცხადება, თუმცა, აბსოლუტურად ლოგიკურია მ დაიკავოს ეს პოზიცია“, – განაცხადა მიქანაძემ.