ივანიშვილის “თანაინვესტირების ფონდმა” “მტკვარი ჰესი”, რომელიც 2024 წელს გაყიდა, უკან გამოისყიდა

ბიზნეს რეესტრში შევიდა კომპანია “მტკვარი ჰესის” მფლობელის ცვლილების რეგისტრაციის განცხადება, საიდანაც ირკვევა, რომ “თანაინვესტირების ფონდმა” აღნიშნული 54-მეგავატიანი ჰესი გამოისყიდა.

“თანაინვესტირების ფონდმა” ჰესი 2024 წლის ივლისში, კომპანია “ჰიდროენერჯიუსს” მიჰყიდა და ახლა აქტივი ისევ მისგან შეიძინა. ამასთან, ხელშეკრულებას გამოსყიდვის ოფციაც ახლდა, რომელიც ივანიშვილის ფონდმა გამოიყენა და ჰესის პროექტი ხელახლა შეიძინა. კონფიდენციალურია ის თუ რა თანხად გაყიდა ფონდმა პროექტი 2024 წელს და ისიც თუ რა თანხად მოხდა ახლა მისი გამოსყიდა.

ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, თავად “მტკვარი ჰესი” ამჟამად კომერციული ბანკის იპოთეკით არის დატვირთული.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ჰესმა საცდელი ოპერირება 2025 წელს დაიწყო და ენერგოსისტემას 213 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია მიაწოდა, 2026 წლის იანვარ-თებერვალში კი უკვე 28.4 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია გამოიმუშავა. შესაბამისად, ჰესი ამჟამად მოქმედია და შემოსავალს გამოიმუშავებს.

2024 წელს “თანაინვესტირების ფონდი” აცხადებდა, რომ თავდაპირველად ჰესის საინვესტიციო ღირებულება 140 მილიონ დოლარს შეადგენდა, თუმცა ის გიორგი ბაჩიაშვილის, როგორც ფონდის CEO-ს არასწორი გადაწყვეტილებების შედეგად 236 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. ამასთან, ბიძინა ივანიშვილმა გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ პროკურატურას ჰესთან დაკავშირებითაც მიმართა.

მტკვარი ჰესის პროექტის შესახებ:

თავდაპირველი შეფასებით, სამცხე-ჯავახეთში მდებარე 54-მეგავატიანი მტკვარი ჰესის აგება 140 მილიონ დოლარამდე უნდა დამჯდარიყო, თუმცა ის 100 მილიონი დოლარით გაძვირდა. სწორედ ამ გაძვირებას ივანიშვილი გიორგი ბაჩიაშვილის საქმიანობას უკავშირებდა.

თუმცა, 2017 წლის დასაწყისში ჰესის მთავარი ობიექტის – 9.6-კილომეტრიანი გვირაბის გაყვანის დროს გვირაბი ჩამოიშალა, რამაც TBM აპარატის მიწაში გაჭედვა განაპირობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანია მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალის წინაშე დადგა, რაც ერთდროულად რამდენიმე საკითხს მოიცავდა – ალტერნატიული საინჟინრო პროექტის მომზადება და სახელმწიფოსთან შეთანხმება, სადაზღვევო და სამართლებრივი დავა და დამატებითი ფინანსების მობილიზების აუცილებლობა.

გვირაბის მთხრელი მანქანა გვირაბის საპროექტო სიგრძის 7.3 კმ-ის სიგრძეზე გაიჭედა, შესაბამისად, მომხდარის დროს გვირაბის 76% უკვე გაყვანილი იყო, რაც დამატებით ართულებდა ალტერნატიული საინჟინრო გადაწყვეტის მომზადებას.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დოკუმენტების თანახმად, სამუშაოთა გაგრძელება მხოლოდ 2019 წლის 23 ივნისს მოხდა. ამასთან, პროექტის მოდიფიკაციის ფარგლებში საჭირო გახდა 300 მეტრის სიგრძის ახალი გვირაბის გაყვანაც. სწორედ აღნიშნულს, შემდეგ კი კოვიდ პანდემიას უკავშირდებოდა პროექტის გაჭიანურება და გაძვირება.

ჰესის გამოსყიდვის გადაწყვეტილების ამსახველი დოკუმენტი:

“თანაინვესტირების ფონდის” მიერ “მტკვარი ჰესის” გამოსყიდვის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად „სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის“ ხელმძღვანელმა ირაკლი აბესაძემ გაავრცელა.

წყარო