ბორის აკუნინს ერთ-ერთი პიესის ავტორობა „ჩამოართვეს“

პუტინის ხელისუფლების მიერ „ტერორისტად“ და „ექსტრემისტად“ გამოცხადებულ ცნობილ მწერალს და დრამატურგს, ბორის აკუნინს(გრიგორი ჩხარტიშვილი) პეტერბურგის ერთ-ერთმა თეატრმა შეატყობინა, რომ აღარ არის პიესის „1881“ ავტორი და შესაბამისად, ვეღარ მიიღებს ჰონორარს ამ პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლისთვის.
ბორის აკუნინი წერს, რომ ამ სპექტაკლისთვის ჰონორარს არც ადრე უხდიდნენ, ავტორობის „ჩამორთმევას“ კი, სასაცილოს უწოდებს.
-ს მიერ ძებნილმა მწერალმა, რომელიც ამჟამად ლონდონში ცხოვრობს, პეტერბურგის ალექსანდრეს აკადემიური თეატრის დირექტორის მოადგილისგან მიღებული შეტყობინების შესახებ 31 იანვარს, ტელეგრამ-არხზე დაწერა.
ეკონომიკის და ფინანსების საკითხებში თეატრის დირექტორის მოადგილის, რ. მედვედევის წერილის თანახმად, „სპექტაკლის ტექსტი შედგება საარქივო დოკუმენტების საფუძველზე შექმნილი ისტორიული მასალების, დიალოგების კომპილაციისგან“. ბორის აკუნინის პიესის ავტორად გამოცხადებულია „დადგმის შემოქმედებითი ჯგუფი და სპექტაკლის რეჟისორი“.
„1881“ ბორის აკუნინის ისტორიული დრამაა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრ მეორის მმართველობის დასრულების და ტახტზე ალექსანდრ მესამის ასვლის შესახებ. პეტერბურგის თეატრის აფიშიდან აკუნინის გვარი ჯერ კიდევ 2023 წლის ოქტომბრიდან გაქრა და სპექტაკლის ავტორად მიუთითეს დამდგმელი რეჟისორი ვალერი ფოკინი. 2024 წლის იანვრის შუა რიცხვებში სპექტაკლი საერთოდ მოხსნეს.
ბორის აკუნინი საჯაროდ აცხადებს, რომ პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგე და უკრაინელების მხარდამჭერია. ამ პოზიციის გამო, ცნობილი მწერლის პიესების მიხედვით დადგმული სპექტაკლები რუსეთის არაერთმა თეატრმა გააუქმა. ზოგიერთმა გამომცემლობამ აკუნინის წიგნების გაყიდვა შეაჩერა.
2023 წლის დეკემბერში ბორის აკუნინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს რუსული არმიის შესახებ „ფეიკების“ გავრცელების და „ტერორიზმის გამართლების“ ბრალდებით. მწერალი „ტერორისტების და ექსტრემისტების“ სიაში შეიყვანეს. 2024 წლის იანვარში რუსეთმა აკუნინი ძებნილად გამოაცხადა.

ასევე დაგაინტერესებთ