საზოგადოების უმრავლესობას არ უნახავს მეუფე ისაიას (ჭანტურია) ბრწყინვალე ფილმი – “ფრონტი და მეზობლები“. ეს არის 60-წუთიანი დოკუმენტური ფილმი, რომელიც აგვისტოს ომისდროინდელია, ზემო ნიქოზელებზე და კიდევ იმაზე, რომ ომი მხოლოდ საშინელება არ არის.ნანა აკობიძე:“მეუფე ისაიას გადაღებული ფილმი ტრიალებს ნეტში – აგვისტოს ომისდროინდელი, ზემო ნიქოზელებზე. ან აქამდე როგორ არ ვიცოდი(თ) ომის ეს საოცარი ფილმი – ვინც არ ვიცოდით.
ერთ-ერთი მთავარი გმირია ნიქოზელი ლეილა, 70-80-ს შორის, ჩვეულებრივ ყოფაში – ასაკიანი, მაგრამ ერთი შტრიხით რომ გაიპრანჭება – უასაკო, ლამაზი და მკვირცხლი ქალი.
სესილიას რომ გადაუჯოკრავს არტისტული ნიჭით, ისეთია, ოღონდ არავინ არ თამაშობს ამ ფილმში, ნამდვილი და დაუდგმელია ყველაფერი.
ჰოდა, ეს ლეილა, რადგან ქმარი კოლია არ “მისდევს,” რჩება სოფელში და მთელ სცენებს და დეკორაციებს დგამს, თავი რომ გადაირჩინოს. რუს სამხედროებს კომპოტს ასმევს, რომ თავისი და მეზობლის სახლები არ ააოხრებინოს, მერე სოფლის ბოლოში, ქალიშვილის სახლში მიიპარება, რომ საქონელს აჭამოს და რუს ჯარისკაცს აცილებინებს თავს, “სინოკ, ვითომ პლენი ვარ შენიო”. ინგუში აღმოჩნდება ის ბიჭი და მეორედ თვითონ მიაკითხავს, წამო, ბაბუშკა, საქონელს ვაჭამოთო. გზად სამ ქართველ ბიჭს გადაარჩენს ლეილა – ჩემები არიანო, ამ ინგუშს მოატყუებს.
სახლში კიდევ, რუსების შემოსვლის პირველ დღეს, ფქვილის ჩასაყრელ ამბარში სამალავს მოაწყობს, წყალს ჩაიმარაგებს, საჰაეროს მოაწყობს და ერთი დღე -ღამე იქ იმალება. სამალავიდან ხედავს სახლში შემოსული ჯარისკაცების ფეხებს.
– ბატონი კოლია (ქმარი) სად იყო ამ დროსო, რეჟისორი მეუფე ეკითხება და
– სად იყო და ტახტზე ეძინა პირქვე (თან ქმარს ეძახის, მიდი აჩვენე მეუფეს, როგორ გეძინაო), წამააგდეს და წაიყვანეს, ხუთი დღე ჰყავდათ ტყვეობაშიო.
კოლია მორჩილად მიდის და წვება გულაღმა. – ეგ პირქვე არისო? – უჯავრდება ლეილა.
მეორე ნიქოზელი ქალი შემოდის კადრში. ხალხი თბილისისკენ გარბოდა და თბილისიდან ჩამოსული, შვილებს გამოპარვია: ქვაბი უნდა გამოვიტანო სახლიდან, ვარიანტი არ არის, იმ ქვაბს რუსებს ვერ დავუტოვებო.
განა რა ქვაბია ასეთიო და – ქვაბია, ოჯახში საჭიროაო. დალაგებული, მწყობრი, მამაცი ქალია.
ჰოდა ომს კი არა, მშვიდობასაც ქალის სახე აქვს, სახლსაც, ქვაბსაც და ამბარსაც . არის ამ ყველაფერში რაღაც – სევდიანად კარნავალური.
ნახეთ ეს ფილმი.”

