ოპოზიციური ალიანსი ვაშინგტონში ვიზიტისთვის ემზადება — პოლიტიკური ბრძოლა ქვეყნის ფარგლებს გარეთ და საერთაშორისო პარტნიორებთან დიალოგი აქტიურ ფაზაში გადადის.
ოპოზიციის წარმომადგენლები აშშ-ში დაგეგმილ შეხვედრებზე საქართველოს შიდა მდგომარეობაზე ისაუბრებენ. მათ შორის, ყურადღება გამახვილდება პოლიტიკურ პატიმრებზე, ადამიანის უფლებების დარღვევებზე, სასამართლო სისტემის მდგომარეობასა და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე. ასევე, ქართული დელეგაცია, სავარაუდოდ, ივანიშვილის გუნდის წინააღმდეგ სანქციების დაწესებასაც მოითხოვს.
მოლაპარაკებები, არსებული ინფორმაციით, აპრილის ბოლოს გაიმართება, თუმცა ყველა ოპოზიციონერი ლიდერი ქვეყნის დატოვებას ვერ შეძლებს. მიზეზად სახელდება მიმდინარე სამართლებრივი დევნა და პასპორტების ჩამორთმევა.
მიუხედავად ამისა, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ თითოეული პარტიიდან, მინიმუმ, ერთი წარმომადგენელი მაინც გაემგზავრება. მათი თქმით, საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება ვაშინგტონით დაიწყება და ბრიუსელში გაგრძელდება.




