“მიზეზთა გამო თავს ვიკავებდი კომენტარისგან, სანამ სასოწარკვეთილი კაცის პირადი შურისძიების მცდელობა, ანტისახელმწიფოებრივ კამპანიაში არ გადაიზარდა.
მე, ჩემს მეგობრებთან ერთად, ახალი პარტიის მშენებლობის პროცესში ვარ, რომელმაც ქართულ პოლიტიკას შინაარსი უნდა დაუბრუნოს და ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს, ამიტომ გარკვეულ ეტაპამდე ეს ყველაფერი ჩემი ინტერესის მიღმა იყო. თანაც, პირადი ნაცნობობის და მორალურ-ეთიკური ფაქტორების გამო, ემოციურადაც რთული იყო ჩემთვის, ისევე, როგორც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, ამ სამარცხვინო დეგრადაციის და მორალური დაცემის ყურება, რასაც ირაკლი ღარიბაშვილი განიცდის.
ის საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო და უმნიშვნელოვანეს დროს ანდეს მას ქვეყნის მართვა, თანაც ხელმეორედ(!). მაგრამ ძალიან მოკლე აღმოჩნდა გზა, ბორელთან ღირსეულად ჩატარებული ბრიფინგიდან – ყვითელი პრესის მეთოდებამდე.
მართალია ღარიბაშვილმა სამრთლებრივი არგუმენტების არარსებობიდან გამომდინარე თავშივე დაანონსა პოლიტიკური “ბრძოლა”, მაგრამ პროცესის და მასში ჩართული პირების ოდიოზურობამ ყველანაირ ზღვარს გადააჭარბა.
მორალს მიღმაა, ისეთი ადამიანის ტრაგედიით სპეკულირება, როგორიც ზურაბ (ლაზარე) ჯორბენაძე იყო. ამ საწყალ კაცს, ვისაც ღარიბაშვილი ახსენებს, ბევრი თბილისელი იცნობდა, მას ხშირად ვხედავდით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მუდმივად სხვადასხვა ამპლუაში – ხან სასულიერო პირის, (ცხადია თვითნებურად) ხან პოლიტიკური აქტივისტის და ხანაც მოწყალების მთხოვნელის…
ასეთი ადამიანის სულიერი ტრაგედიით და მისი გარდაცვალებით სპეკულირება ცხადია ვერანაირ პოლიტიკურ პროცესში ვერ გადაიზრდება, ვერც ღარიბაშვილს დაიცავს, ვერც კოლექტიურ ნაცმოძრაობას გამოადგება ჟანგბადად, უბრალოდ დაიწერება თანამედროვე ქართული პოლიტიკის ისტორიის კიდევ ერთი სამარცხვინო თავი!” – წერს ივანიშვილის სატელიტი მოძრაობის ლიდერი, ვატო შაქარიშვილი.




