Reuters: უკრაინის დარტყმების შედეგად რუსული ნავთობის ექსპორტის მინიმუმ 40% შეჩერებულია

გამოცემა Reuters-ის მიხედვით, უკრაინის მიერ დრონებით მიტანილი იერიშების, ტანკერების დაკავებებისა და მთავარ მილსადენებზე დარტყმების შედეგად, რუსეთის ნავთობის საექსპორტო სიმძლავრის, სულ მცირე, 40% შეჩერებულია.
საბაზრო მონაცემებზე დაყრდნობით მედიასააგენტო წერს, რომ ეს თანამედროვე რუსეთის ისტორიაში ყველაზე სერიოზულ შეფერხებას წარმოადგენს. ამასთან, Reuters ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული პრობლემა რუსეთს, ნავთობის ექსპორტის სიდიდით მსოფლიოში რიგით მეორე სახელმწიფოს, მაშინ შეექმნა, როცა ირანის ომის გამო ერთ ბარელზე ნავთობის ფასი $100-ს გადასცდა.
უკრაინამ მიმდინარე თვეში რუსეთის ნავთობისა და საწვავის საექსპორტო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები გააძლიერა, რის ფარგლებშიც, უკრაინულმა ძალებმა რუსეთის დასავლეთში სამივე უდიდეს ნავთობტერმინალს დაარტყეს.
Reuters-ის გამოთვლით, ოთხშაბათისთვის, უკრაინის ბოლო იერიშის შემდეგ, რუსული ნედლი ნავთობის ექსპორტის დაახლოებით 40% შეჩერებული იყო, რაც ყოველდღიურად 2 მილიონი ბარელის ტოლფასია.
ეს მოიცავს ბალტიისპირეთის პრიმორსკისა და უსტ-ლუგას პორტებს ისევე, როგორც “დრუჟბის მილსადენსაც, რომლის მეშვეობითაც რუსეთიდან სლოვაკეთისა და უნგრეთისკენ ნავთობი უკრაინის გავლით მიედინებოდა.
უკრაინის სამიზნე ასევე მილსადენის ნავთობის სატვირთი სადგურები და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები იყო, რაც კიევის მიხედვით, ნაწილია კამპანიის, რომ მოსკოვს ნავთობისა და ბუნებრივი აირის ექსპორტიდან შემოსავლები შეუმცირდეს და შედეგად, სამხედრო ძალა შეუსუსტდეს. ცნობისთვის, რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების თითქმის მეოთხედი ნავთობისა და ბუნებრივი აირიდან შემოსავლებზე მოდის.
ნავთობით მოვაჭრეების თქმით, დასავლეთში ნავთობის ექსპორტის მარშრუტებზე უკრაინის თავდასხმების გამო, აზიურ ბაზრებზე ნავთობის ექსპორტზეა დამოკიდებული, თუმცა, აღნიშნული გზები ტევადობის გამო შეზღუდულია.
ამჯერად მილსადენების მეშვეობით შეუფერხებლად განაგრძობს ყოველდღიურად დაახლოებით 1.9 მილიონი ბარელი ნავთობის ექსპორტს ჩინეთში. 250 000-მდე ბარელი ნავთობის გატანა ხდება სახალინიდანაც, ხოლო ბელარუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს რუსეთი ყოველდღიურად დაახლოებით 300 000 ბარელი ნავთობით ამარაგებს.