სასაცილოდაც არ მყოფნის, ბიძინა ივანიშვილს რომ ჰგონია, დამსაჯა – ხოშტარია

1,5-წლიანი პატიმრობის მისჯის შემდეგ, ელენე ხოშტარია რუსთავის ქალთა ციხიდან განცხადებას ავრცელებს.ოპოზიციონერი პოლიტიკოსი წერს, რომ მისთვის სასჯელი იქნებოდა “შეშინებოდა და შეჰგუებოდა რუსებს”.ნეტგაზეთი სრულად გთავაზობთ ხოშტარიას წერილს:“როდესაც რუსულ რეჟიმს ებრძვი , არ აღიარებ და გესმის – რა ბრძოლაში ხარ, გასაოცარი, უპასუხისმგებლოც კი იქნებოდა, არ იყო მზად მთელი რიგი დისკომფორტისთვის. ამ ფონზეც კი, სრულიად გულწრფელად, შეულამაზებლად მინდა გითხრათ: სასაცილოდაც არ მყოფნის, ბიძინა ივანიშვილს რომ ჰგონია, დამსაჯა. ვიღაცამ ოფლიც მოიწმინდა – ერთი საკითხი მოვაგვარეთო, დავსაჯეთო.მეგობრებო! ჩემთვის სასჯელი იქნებოდა, შემშინებოდა და შევგუებოდი რუსებს, არ მოვმზადებულიყავი მათთან ბრძოლისთვის. მართლა მეცინება მათზე, ვისაც ციხე სასჯელი ან ბრძოლის შენელება ჰგონია. პირიქით, ერთგვარ სიამოვნებას მგვრის, ხან ე.წ. მოსამართლე, ხან სხვა ნებისმიერი ქოცი, აღიარებას რომ მეხვეწება. რა ხერხსაც არუნდა მიმართონ, ყველა განწირულია. მეცინება მათ ფაციფუცზე. ზუსტად მაქვს გააზრებული მათი სუსტი წერტილები და სწორედ იქ მიიღებენ მშვიდად და წყნარად ჩვენგან დარტყმებს.ერთ საკითხსაც მინდა შევეხო. მხოლოდ ერთხელ. ჩემს ოთხ შვილზე მე და ჩემი ოჯახი ვართ პასუხისმგებელნი და ქოცების იმედად, ღმერთმა დამიფაროს, როდესმე დამეტოვებინოს. ჩემს ოთხ შვილს რუსის მოწყალება არ სჭირდება. მათ კარგად იციან, რისთვის იღებენ ამ განსაცდელს, ქოცზე ბევრად უფრო კარგად!აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ოპოზიციურ ალიანსს ძალიან ზუსტი აქცენტისთვის, არანაირი ვაჭრობა არ იქნება! და მადლობა ყველას: ჟურნალისტებს, აქტივისტებს და საერთოდ ყველა მოქალაქეს თანადგომისთვის. მადლობა ციხის ადმინისტრაციას, უკლებლივ ყველას. მე აქ არაფერი მიჭირს და არაფერი მაკლია. გავაგრძელოთ ბრძოლა, მე აქედან, თქვენ – მაქედან. ბოლომდე!” – წერს ხოშტარია.დღეს, 24 მარტს, მოსამართლე გიორგი არევაძემ 1,5 წელი მიუსაჯა ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ელენე ხოშტარიას. პროკურატურა სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებოდა. საუბარია თბილისის მერის, კახა კალაძის წინასაარჩევნო ბანერზე, რომელსაც ხოშტარიამ დააწერა – “რუსული ოცნება”.ელენე ხოშტარიამ ბანერს ეს წარწერა 23 წლის სტუდენტის, მეგი დიასამიძისადმი სოლიდარობის ნიშნად დააწერა. დიასამიძეს კალაძის ბანერის დაზიანების ბრალდებით, სისხლის სამართლის წესით ასამართლებენ. ის ამჟამად 2 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული

ასევე დაგაინტერესებთ