Rousing The Kop: შეწყვიტეთ მამარდაშვილის კრიტიკა – ის “ლივერპულის” ძირითადი მეკარე გახდება

„ბრაიტონთან“ სტუმრად პრემიერლიგის ოცდამეთერთმეტე ტურში წაგებულ მატჩში (1:2), „ლივერპულის“ მეკარის გიორგი მამარდაშვილის თამაშს ინგლისური მედია გამოეხმაურა.
Rousing The Kop: „მიუხედავად „ლივერპულის“ ახალი საგანგაშო სტატისტიკისა, გიორგი მამარდაშვილის მიმართ კრიტიკის შეწყვეტა აუცილებელია. მეკარემ პირველი გაშვებული გოლისას შეცდომა დაუშვა, მისი ასპარეზობა მთლიანობაში საშუალოზე დაბალი ქულებით შეფასდა, მაგრამ ფანებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ რაც ზაფხულში „ენფილდზე“ გადმოვიდა, მწვრთნელი არნე სლოტი ხშირად არ აძლევდა შანსს.
მამარდაშვილმა ტრავმირებული ალისონი შეცვალა და ჩემპიონატზე მეექვსე შეხვედრა ჩაატარა. მისი შორეული გადაცემების სიზუსტე (16-დან 2) არასწორ გადაწყვეტილებებზე და ცუდ ტექნიკაზე მიუთითებს, თუმცა ამასთან სხვა ფაქტორებია გასათვალისწინებელი. რატომ შეიძლება ჰქონდეს ქართველს „ლივერპულში“ პრობლემები? რეზერვში მყოფი ნებისმიერი ფეხბურთელისთვის ადვილი არ არის მორალური და ფსოქოლოგიური მდგრადობის შენარჩუნება. ეს მეკარისთვის გაცილებით რთულია. 20 წუთიც კი არ ეძლევა თავის წარმოსაჩენად, რათა ფიზიკურ მზადყოფნაში იყოს. ბევრი გულშემატკივარი მარჯვენა ფეხით არადამაჯერებლად თამაშის გამო სამართლიანად აკრიტიკებდა. „ამექსზე“ გიორგის პასების მხოლოდ 46% იყო ზუსტი, რაც საუკეთესო მაჩვენებელი არაა, მაგრამ სხვა პოზიციის მოთამაშეებისგან განსხვავებით, გუნდში მისი ინტეგრაცია არ მოხდა.
უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ ალისონი მარჯვენა ფეხით თამაშობს, მამარდასვილი კი – ცაციაა. რამდენიმეჯერ პარტიორებმა სუსტ მარჯვენა მხარეს გაუკეთეს პასი, ბურთის გადატანაც მარცხენა ფეხზე ცდილობდა და ეს აგრესიული პრესინგისას „ბრაიტონს“ აწყობდა. სხვა შემთხვევებში ბურთი მარჯვენა ფეხით აჰქონდა. რაც შეეხება მოგერიებებს, ამ კომპონენტში უფრო მარჯვეა. ამის დადასტურება ჩატარებულ მატჩბში 90 წუთის მანძილზე საშუალოდ განხორციელებული 3.5 „სეივია“. შაბათს ორჯერ გადაარჩინა გუნდი. გიორგი ბეკერის მსგავსი სიმშვიდით არ გამოირჩევა, თუმცა ეს მისი სავარაუდო მემკვიდრის ღირსებებს არ აკნინებს.
მამარდაშვილი ამ პოზიციაზე მომავლის უზრუნველსაყოფად მოიწვიეს, ადრე თუ გვიან ძირითადი მეკარე გახდება და უმჯობესი იქნება გარკვეულ ასპექტებში მისი თამაშის გამო  გადაჭარბებულ კრიტიკას თავი ავარიდოთ, რომლებიც სათამასო დროის მომატებასთან ერთად თავისთავად გაუმჯობესდება“.
This Is Anfield-ი წერს, რომ მამარდაშვილის პრობლემები მცველების შეცდომებმაც განაპირობა, ბრაზილიელისგან განსხვავებით ქართველი ცაციაა, თითქოს პროფესიონალმა ფეხბურთელებმა ადვილად უნდა მოახერხონ გადაწყობა, თუმცა ეს იოლი არაა, მან რამდენიმეჯერ იხსნა გუნდი, 25 წლის მეკარე იმედის მომცემია, კრიტიკა ყოველთვის საჭირო არ არის, ხოლო გუნდის შეუთამაშებლობა და ფეხბურთელების დაბალი ოსტატობა „ლივერპულის“ ნაკლოვანებების კიდევ ერთი მაგალითია.