დიდი იმედი მაქვს, ილია მეორე ძალიან მძიმე დროს დაგვეხმარება იმაში, რომ ერთობას, რომელიც დღეს შედგა, რომელიც ბევრს არ მოსწონს და არ უნდა, შევინარჩუნებთ, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, არ აქვს მნიშვნელობა იმას, ვინ სად იდგა, არამედ მნიშვნელოვანია ის, რომ პატრიარქის გარდაცვალების წუხილი ქართველებმა ერთად გაიზიარეს.
„მინდა, ყველას მივუსამძიმრო, რადგან დღეს ეს არის ჩვენი ყველას ერთობლივი დიდი წუხილი, რომელსაც ერთად ვიზიარებთ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ალბათ, არ აქვს მნიშვნელობა, არის სხვა მიზეზები პროტოკოლი თუ სხვა, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ სად იდგა დღეს, ვინ, სად შემოვიდა და ვინ ვერ შემოვიდა. დღეს მნიშვნელობა იმას ჰქონდა, რომ ყველანი ვიდექით და ყველამ გამოვხატეთ პატრიარქის წასვლასთან დაკავშირებული ჩვენი განწყობა, წუხილი, ტკივილი. ამავე დროს, გვაქვს დიდი იმედი, რომ ის ჩვენ ამ ძალიან მძიმე დროს დაგვეხმარება იმაში, რომ ის ერთობა, რომელიც დღეს შედგა, ერთობა, რომელიც ბევრს არ მოსწონს და არ უნდა, ამ ერთობას შევინარჩუნებთ. მგონი, რომ პატრიარქი ამის ძალას ნამდვილად მოგცემს“,-განუცხადა ზურაბიშვილმა „ტვ პირველს“.
რაც შეეხება კითხვას იმის შესახებ, ჰქონდა თუ არა კომუნიკაცია შესაბამის უწყებებთან, რომ სამგლოვიარო ცერემონიას დასწრებოდა, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა განმარტა, რომ ცერემონიაზე დასასწრებად საშვი არ ჰქონდა და ამ საკითხზე შესაბამის უწყებებთან კომუნიკაციაც არ ჰქონია.
„არ მქონდა კომუნიკაცია, არანაირი საშვი. რომ მქონოდა, ვიქნებოდი იქ, სადაც შესაძლებელი იქნებოდა, მაგრამ აქვე ვიყავი სიონის წინ და მე ამითაც ძალიან ბედნიერი ვარ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა „ტვ პირველის“ ჟურნალისტს.




