თბილისის გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს ბრინჯაოს მედლებისთვის გიორგი ლოლაძე (73 კგ.) და დიმიტრი გოჩილაიძე (81 კგ.) იბრძოლებენ.
ლოლაძემ ბაჰამელი ენდრიუ მუნინგესი, ბრიტანელი ბენჟამინ ლევი, ისრაელელი იეონატან ელბაზი და აზერბაიჯანელი ჰიდაიათ ჰეიდაროვი დაამარცხა. თუმცა, ნახევარფინალში გიორგი ფინელ ლავტერი ოლინთან დამარცხდა და ბრინჯაოსთვის ფინალურ ბლოკში თურქ მუჰამედ დემირელს შეხვდება.
რაც შეეხება გოჩილაიძეს, მან ფინელი ეუტუ იჰანამაკი, უკრაინელი ვლადისლავ კოლობოვი და გერმანელი ტიმო კაველიუსი დაამარცხა. ნახევარფინალში კი თურქეთის სახელით მოასპარეზე ქართველთან, ვედათ ალბაირაქთან მარცხი განიცადა, ხოლო ბრინჯაოსთვის ბელგიელ მატიას კასეს დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, ამ დრომდე თბილისის გრანდ სლემზე საქართველოს მონაგარი ერთი ბრინჯაოს მედალია, რომელიც გუშინ თორნიკე გიგაურმა (66 კგ.) მოიპოვა.