ხვიჩა პირველად “ალიანც რივიერაზე” – მატჩებიდან პირდაპირ საქართველოში

საქართველოში გლოვის დღეებია. ჩატარებული მატჩების შემდეგ, ქართველი ლეგიონერები თბილისში გამოემგზავრებიან, წინ სანაკრებო შეკრებაა.
ჩემპიონთა ლიგაზე ფურორის შემდეგ, პსჟ შიდა ასპარეზზე გადაერთვება და რა თქმა უნდა, ძალების დაზოგვით – შაბათს, ჩვენი დროით უკვე კვირას, 00:05 საათზე “ნიცას” ესტუმრება.
ბოლოს, როცა პარიზელებმა ნიცაში ითამაშეს, ვერ გაიმარჯვეს(1:1), გასული წლის მაისში კი შინ სულაც (1:3) დამარცხდნენ. აღსანიშნავია, რომ “ალიანც რივიერაზე” “კვარას” ხილვა პირველად შეგვიძლია.
თუკი ლუის ენრიკეს გუნდი დამაჯერებლად ლიდერობს, ცნობილი მწვრთნელის, კლოდ პუელის შეგირდები გასავარდნ ზონასთან ახლოს არიან.
ჰაკიმი დისკვალიფიცირებულია, ბარკოლამ კოჭი დაიზიანა, რუისი და ნჯანტუ კი კვლავ ვერ ბრუნდებიან. საეჭვოა ნევეშის თამაშოც. ჩვენ კი გვსურს, “კვარა” მუდამ ვნახოთ, მაგრამ “ჩელსისთან” ბრწყინვალე თამაშების (3 გოლი და საგოლე პასი) შემდეგ, ლუის ენრიკე მის ამოსუნთქვასა და ტრავმისგან დაცვაზე იფიქრებს.
პსჟ-ის სავარაუდო შემადგენლობა: საფონოვი – ზაირ-ემერი, მარკინიოსი, ბერალდო, მენდეში – ვიტინია, მაიულუ, დრო – დუე, რამოში, მბაიე.
კვირა, 20:15 სთ, რენი – მეცი (წიტაიშვილი/აბუაშვილი/ქვილითაია);
ლიგა 2. შაბათი, 23:00 სთ, სენტ ეტიენი (დავითაშვილი) – ანესი.