რუსული ავიაგამანადგურებლის მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევას NATO-ს რეაგირება მოჰყვა

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ განაცხადა, რომ ოთხშაბათს, 18 მარტს, რუსულმა ავიაგამანადგურებელმა ესტონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია, რასაც NATO-ს ბალტიისპირეთის საჰაერო სივრცის პატრულირების მისიის მხრიდან პასუხი მოჰყვა.
ცაჰკნას თქმით, მიმდინარე წელს ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა რუსულმა თვითმფრინავმა ესტონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია.
ესტონური მხარის მიხედვით, ინციდენტი ფინეთის ყურეში, ვაინდლოს კუნძულის სიახლოვეს, მოხდა, სადაც რუსული SU-30-ის ტიპის ავიაგამანადგურებელი ესტონეთის საჰაერო სივრცეში დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში შეიჭრა.
“ესტონეთის უსაფრთხოებისთვის საფრთხე არ შექმნილა,” აღნიშნა ცაჰკნამ და დაამატა, რომ NATO-ს პატრულირების მისიის პასუხი სწრაფი იყო, რის ფარგლებშიც იტალიის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ააფრინეს.
ცნობისთვის, გასული წლის სექტემბერში MiG-31-ის ტიპის სამი რუსული ავიაგამანადგურებელი ესტონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა და ქვეყნის ტერიტორიაზე ჯამში 12 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა, რაც 2025 წელს რუსეთის მხრიდან ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევისმეოთხე შემთხვევა იყო.