ბლოგერი დავით ჩუთლაშვილი:
წითელი ფუფუნება ანუ როგორ ცხოვრობდა საბჭოთა (ბნ)ელიტა „თანასწორობის“ ფასადის მიღმა
თუ „ხრუშჩოვკები“ იყო რიგითი საბჭოთა ადამიანის ნაცრისფერი, ვიწრო და უღიმღამო რეალობა, სადაც სამზარეულოში თაგვი ძლივს იქნევდა კუდს, საბჭოთა ნომენკლატურის ცხოვრება გახლდათ პარალელური სამყარო — დახურული, მდიდრული და აბსოლუტურად იზოლირებული იმ „პროლეტარიატისგან“, რომლის სახელითაც ისინი ლაპარაკობდნენ.
საბჭოთა კავშირში არსებობდა მითი, რომ ყველა თანასწორი იყო. თუმცა, როგორც ჯორჯ ორუელმა თქვა: „ზოგიერთი უფრო თანასწორი იყო, ვიდრე სხვები“.
სანამ ჩვეულებრივი მუშა თვეობით ელოდებოდა ჩეხურ სერვიზს ან ხორცის რიგში იდგა, წითელი ელიტა ცხოვრობდა ისე, როგორც ნამდვილი არისტოკრატია, ოღონდ — კომუნისტური პარტბილეთით ჯიბეში.
ელიტისთვის არ არსებობდა სიტყვა „დეფიციტი“. მათთვის ფუნქციონირებდა ე.წ. სპეცგანაწილების სისტემა.
მოსკოვის ცენტრში, ყველასთვის ცნობილ ГУМ-ში არსებობდა საიდუმლო განყოფილება, მე-200 სექცია, სადაც მხოლოდ უმაღლესი რანგის ჩინოვნიკებს შეეძლოთ შესვლა. იქ იყიდებოდა ფრანგული პარფიუმერია, შოტლანდიური ვისკი, ნამდვილი შვეიცარიული შოკოლადი და ხიზილალა.
მაშინ, როცა ხალხი „საექიმო” ძეხვს ნატრობდა, ჩინოვნიკების ოჯახებში კვირაში ერთხელ მიჰქონდათ კალათები სტერლეტის თევზით, ნანადირევითა და ეგზოტიკური ხილით, რომელიც სსრკ-ში არ ხარობდა.
ელიტის საცხოვრებელი პირობები მკვეთრად განსხვავდებოდა „ხრუშჩოვკების“ პირობებისგან.
ნომენკლატურული სახლები მაღალი ჭერით (3 მეტრზე მეტი) ხასიათდებოდა. თითოეულ ასეთ სახლს, როგორც წესი, მუხის პარკეტი, ფართო ჰოლები და ხშირად სპეციალური ოთახიც კი ჰქონდა მოსამსახურისთვის.
ამ სახლებს ჰქონდათ დახურული ეზოები, საკუთარი კინოთეატრები და სასადილოები.
აგარაკები (დაჩები): ეს იყო სტატუსის პიკი. კუნცევო, ტბა რიწა, ყირიმი — აქ შენდებოდა გრანდიოზული რეზიდენციები, რომლებიც უფრო სასახლეებს ჰგავდა. მათ იცავდა სუკ-ის მე-9 სამმართველო. იქ მოხვედრა უბრალო მოკვდავისთვის წარმოუდგენელი იყო.
წითელმა ელიტამ არ იცოდა, თუ რა იყო საჯარო პოლიკლინიკის რიგი და უხეში ექთანი.
ნომენკლატურის საავადმყოფოებს კურირებდა ე.წ. მეოთხე სამმართველო. იქ იყო მსოფლიოში საუკეთესო ამერიკული და ევროპული აპარატურა, საუკეთესო დასავლური მედიკამენტები და ექიმები, რომლებიც მხოლოდ “ზედა ეშელონებზე” მუშაობდნენ.
სანამ ხალხი ღატაკურად ისვენებდა ზღვის პირას, კარვებში, ჩინოვნიკები სარგებლობდნენ სანატორიუმებით, სადაც პერსონალის რაოდენობა დამსვენებლებისას აღემატებოდა.
ელიტის ცხოვრება იყო უმკაცრესი საიდუმლო. კომუნისტ მაღალჩინოსნებს ეშინოდათ ხალხის სამართლიანი რისხვის, ამიტომ მათი სიმდიდრე ყოველთვის მაღალი ღობეების მიღმა იყო საგულდაგულოდ დამალული.
მათ ჰქონდათ ყველაფერი ამერიკული და ევროპული, მაგრამ ხალხს „ამერიკის და ევროპის დამღუპველ გავლენაზე“ უკითხავდნენ ზღაპრებს.
ეს იყო თვალთმაქცობის უმაღლესი პიკი: ხალხს ჰპირდებოდნენ ნათელ საბჭოთა მომავალს და აგინებდნენ ამერიკას და ევროპას, როცა თავად ეს ნათელი მომავალი უკვე გააჩნდათ აწმყოში, ხალხის უზომო ყვლეფის ხარჯზე, დასავლური ტექნოლოგიების გამოყენებით.
დღესაც, როცა ვუყურებთ თანამედროვე ქოცურ ბნელიტას, ვხედავთ იმავე საბჭოთა ნომენკლატურულ გენეტიკას — ხალხს „გარყვნილ ევროპასა“ და „სუვერენიტეტზე“ ელაპარაკებიან, თავად კი ევროპულ ვილებში და ფრანგულ შატოებში ცხოვრობენ.




