სალომე კვარაცხელია: ,,ექიმები სად ხართ?” – ცრემლნარევი, გატეხილი ხმით იკითხა რუპორში ეტლშიმჯდომი ბავშვის დედამ, კვირას, კანცელარიასთან

ექიმი- რეზიდენტი სალომე კვარაცხელია: 
,,ექიმები სად ხართ?” – ცრემლნარევი, გატეხილი ხმით იკითხა რუპორში ეტლშიმჯდომი ბავშვის დედამ, კვირას, კანცელარიასთან.
ხშირად სვამენ ამ კითხვას ბოლო პერიოდია, რაც ლოგიკურია, ცხადია.
აგერ, გუშინაც გაისმა ეს კითხვა ჩემს გვერდით კიდევ ერთხელ და საპასუხოდ რომ მოვემზადე, გამაჩუმა გვერდში მდგომმა, შენ და კიდევ 4 რომ ხართ ფიზიკურად აქ და სოციალურ ქსელში ასე 9-10 გემატებათ, მაგას არ ვგულისხმობ. ჯამში 15 ექიმი ხართ ამ ქვეყანაში თუ როგორაა ჩვენი საქმეო…
ჰიპოკრატეს ფიცი ერთ-ერთი ყველაზე რთულად და მარტივად შესასრულებელი რამ მგონია. ოთარ ჭილაძის ნათქვამის არ იყოს. საქართველოზე – შენა ხარ ჩემი ჯილდოც, სასჯელიც…
ფიცის სათანადოდ ტარების სირთულეებს აღარ ჩამოვთვლი. სიმარტივე კი იმაშია, რომ ნებისმიერ მომენტში პროფესიული ფარია შენი პაციენტისა თუ მათი უფლებების დაცვისას. ვინ უნდა შემოგედავოს, უკანასკნელი ვიგინდარა თუ არ არის, როცა ექიმი იცავ ადამიანის სიცოცხლეს, მის წამლისადმი თუ ჯანდაცვის სერვისებისადმი ხელმისაწვდომობას.
ბავშვის უფლებას – ჰქონდეს წამალი!
რამეს გეტყვის და სამედიცინო ეთიკისა და ფიცის ფარი სულ შეგიძლია მოიმარჯვო და მუხლ-მუხლ ააფარო დაბრმავებულ თვალებსა და ნამუსზე, რომ შენი პროფესიის უპირველესი დანიშნულებაა ადამიანების სიცოცხლეზე ზრუნვა.
ისიც მომისმენია, პოლიტიკაში ჩარევა არ გვინდა, არაა ჩვენი საქმეო… ეგ ,,პოლიტიკა” თუკი პაციენტს გიკლავს, მაშინ რა ხდება? რას ვაკეთებთ?
ეს პოსტი არ ემსახურება დამუნათებას. უბრალოდ, როცა კიდევ გაისმება მსგავსი შეკითხვა, ძალიან მინდა, ვიყოთ ბევრნი და ვუთხრათ ადამიანებს – აგერ ვართ!
ჩვენ თუ არა, ვინ იცის, რამხელა ძალა აქვს სიტყვას, თანადგომას. და სანამ პაციენტს სულაც დანიშნულებას დაუწერ, ნახევარ საქმეს ემპათიური საუბარი და მხარში დგომის შეგრძნება აკეთებს.
რამდენს ნიშნავს სიტყვა, რომელსაც სწორი ტონალობითა და განცდით ეუბნები.
რამდენს ნიშნავს არავერბალური ჟესტი, რომლითაც აგრძნობინებ, რომ მის გვერდში ხარ.
ბიბლიის დასაწყისშიც კი ეგ წერია:
,,დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა.”
,,თქვა ღმერთმა: იყოს ნათელი! და იქმნა ნათელი.”
ჩვენ, ცხადია, ვერ განვკურნავთ ყველა დაავადებულს, მაგრამ შეგვიძლია ჩვენი ხმით ვიყოთ მათ გვერდით. არ ვაგრძნობინოთ თავი მარტოდ, ავადმყოფობის წინაშე.
პ.ს. ამ ფოტოში ზუსტად ის მომენტია, სტატუსის დასაწყისში რაც აღვწერე და მე ვერაფრით გავუსწორე თვალი იმ მშობლებს, რადგან ვიყავით ერთეულები და ასევე, ვერსად მიმქონდა ცრემლები ეტლშიჩამჯდარ ბავშვებს რომ ვუყურებდი, რომლებსაც ასე ხშირად ესმით, რომ კვდებიან.