მაკა ბოჭორიშვილმა რუსთავი ორის ეთერში გამართული დებატებისას საგარეო პოლიტიკაზე ისაუბრა და თქვა, რომ მაშინ, როდესაც “ევროპას სასიცოცხლოდ სჭირდება საქართველო და საქართველოს გავლით დაკავშირებადობა დანარჩენ სამყაროსთან”, ევროკავშირის ბიუროკრატია ამაზე არ ესაუბრება ქვეყანას.
ბოჭორიშვილმა ასევე განაცხადა, რომ “ევროკავშირი თუ ევროპა ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი” არაა, ესაა ის “რაც ვართ”.
“ჩვენ ვართ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი. აქ ასარჩევიც არაფერი არ არი. ჩვენ შეიძლება ავირჩიოთ გზა ევროკავშირისკენ, მაგრამ ცივილიზაცია არჩეულია, ჩვენმა მამა-პაპამ აირჩია, ასეთები გავჩნდით, ჩვენ ვართ არა მარტო ნაწილი, ჩვენ წვლილი გვაქვს შეტანილი ევროპული ცივილიზაციის ჩამოყალიბებაში და ძალიან სერიოზული წვლილი გვაქვს შეტანილი ამ ცივილიზაციაში.
იმ ფასეულობებში, რა ფასეულობებზეც დგას დღევანდელი ევროკავშირი და ეს ფასეულობები საბოლოო ჯამში, მივა ქრისტიანულ ფასეულობებთან, რასაც ჩვენი ქვეყანა მთელი არსებობის მანძილზე იცავდა და იყო ზუსტად იმ კართან, სადაც ხდებოდა პირველი დარტყმის მოგერიება და დღესაც იქ ვდგავართ.
ჩემთვის არაერთ ევროპელ პოლიტიკოსს უთქვამს, რომელთა ხმებიც არც თუ ისე ხმამაღლა ისმის, სხვადასხვა მიზეზის გამო, ეს თქვენ თვითონ განსაჯეთ, როდესაც სიტყვის თავისუფლებაზე ვსაუბრობთ.
რომ დღეს საქართველოში, ბევრად უფრო მეტი წყდება, ვიდრე ჩვენ გვგონია და ბევრად უფრო მნიშვნელოვანი პროცესები მიდის, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს და ეს არის ზუსტად ის ისტორიული პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენს ისტორიას აქვს.
ახლა ცოტა პრაგმატულად, რომ შევხედოთ დღეს სად ვართ და რა არის ჩვენი დიპლომატიის რესურსი, თუ დაკავშირებადობაზე იყო საუბარი. კი, ნამდვილად არის ეს როლი, რაც ქვეყანას აქვს და სადაც ჩვენ ვხედავთ კიდეც შესაძლებლობებს და ძალიან ბევრი ნაბიჯი იდგმება იმისთვის, რომ პრაგმატულად, სწორად შევძლოთ იმ შესაძლებლობების მიღება და განხორციელება, რაც სწორედ ამ სატრანზიტო ფუნქციას უკავშირდება და სწორად მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება.
დღეს, როდესაც პრაგმატულ პოლიტიკის არსებობაზე ვსაუბრობთ და რამდენად არის მზად დღეს ევროპული ბიუროკრატია, რომ რეალურად გაიხედოს წინ და რეალურად, თუნდაც ევროპა არ ჩავარდეს იმ მდგომარეობაში, რომ არ იყოს უფრო მეტად დამოკიდებული სხვა ძალებზე, ვიდრე დღეს არის, ძალიან ბევრს საუბრობენ ამაზე, მხოლოდ მე არ ვსაუბრობ. რამდენად დამოუკიდებელია დღეს ევროპა და რამდენად შეუძლია მას მართოს თავის საქმეები.
(…) რამდენად არის ასეთი დამოკიდებულება, თუნდაც საქართველოსთან თავად ევროპის ინტერესებში იმიტომ, რომ აქ თუ ვინმემ შეიძლება დაკარგოს, წააგოს შეიძლება იყოს მხოლოდ მეორე მხარე, ევროპული მხარე.” – თქვა ბოჭორიშვილმა.




