2025 წლის დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ ენგურის ხიდთან, გალის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ახალი “საბაჟო ტერმინალი” აშენდა. სამუშაოების 80% დასრულებულია, დარჩენილია მხოლოდ აღჭურვა – სკანერების და რენტგენის აპარატურის მონტაჟი.
ეს ამბავი გაასაჯაროვა ასტამურ ახსალბამ, ოკუპირებულ აფხაზეთში პუტინის ინიციატივით შექმნილი “მსოფლიო ხალხთა ასამბლეის” ხელმძღვანელმა. მან “სპუტნიკის” რადიოსთან აღიარა, რომ ეს პროექტი წლების წინ ჩაიფიქრეს, მაგრამ განზრახ მალავდნენ.
“აქვე მიმდინარეობს ომი, მთელი დასავლეთი რუსეთის ფედერაციას უპირისპირდება… ამიტომ, საჭირო გახდა ამ ინფორმაციის დროებით დახურვა… ჩუმად მუშაობა გვიწევდა, რათა წარმატებით დაგვესრულებინა”, – თქვა ახსალბამ. ისიც განმარტა, რომ ეს ტერმინალი რუსეთს საერთაშორისო ვაჭრობაში დაეხმარება – საკუთარ ნაწარმს საზღვარგარეთის ბაზარზე გაიტანს და პირიქით, უცხოური პროდუქციის იმპორტსაც შეძლებს. ახსალბა ვარაუდობს, რომ ტვირთი, ძირითადად, ბოსტნეული და საყოფაცხოვრებო ტექნიკა იქნება.

ეს ამბავი უნდა უკავშირდებოდეს ყველასგან დავიწყებულ ერგნეთის ბაზრობის აღდგენის თემასაც. მივაგენით საინტერესო დამთხვევას – გალის ტერმინალის და ერგნეთის ისტორიული ბაზრობის გახსნა თითქმის ერთდროულად დაიგეგმა. უფრო კონკრეტულად:
- აფხაზეთის დე ფაქტო საზღვართან ახალი საბაჟო პუნქტის მოწყობაზე მედია 2023 წლის ნოემბერში ალაპარაკდა;
- ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საზღვართან ერგნეთის ბაზრობის გაცოცხლება 2023 წლის ივლისში დაიგეგმა.
ეს ამბავი დოკუმენტურად დასტურდება. ყოფილი ისტორიული ბაზრის ტერიტორია, ჯამში, 17 ჰექტარი მიწის ნაკვეთები უკვე გასხვისებულია, ცნობილია ინვესტორის ვინაობაც – შპს “ყაზბეგი ჰილსი”, რომელიც “ქართული ოცნების” გარემოცვის ბიზნესმენს, გიორგი (გივი) ჯალაბაძეს ეკუთვნის.
ლოგიკურია, რომ ბაზარი და ტვირთის გაცვლა-გამოცვლა ბუნებრივად გულისხმობს ხალხის მოძრაობასაც. ამიტომ, გაგვიჩნდა შემდეგი კითხვები: როგორ უნდა გაკონტროლდეს საოკუპაციო ხაზთან, ე.წ. საზღვარზე ათასობით ადამიანის გადაადგილება ისე, რომ არ დაზიანდეს სახელმწიფო უსაფრთხოება, არ შეიქმნას ოფიციალური მიმოსვლის ან დე ფაქტო საზღვრის ფუნქციონირების შთაბეჭდილება? ირიბი აღიარება არ მიენიჭოს დე ფაქტო რეჟიმს ან არ დაირღვეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი?
მით უმეტეს, რომ შპს “ყაზბეგი ჰილსის” ოფიციალური ელ.ფოსტის მისამართია: [email protected]. კომპანიას ეს მეილი აქვთ მითითებული საკონტაქტო ინფორმაციად, რეესტრის ამონაწერში და წესდებაში. ელ.ფოსტის ეს სახელწოდება სიმბოლურია და მიანიშნებს, რომ “ყაზბეგი ჰილსის” საქმიანობა ტერმინალის მოწყობასთანაც უნდა იყოს დაკავშირებული. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ამ კომპანიას მიწები სხვაგან არსად აქვს, შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ტერმინალი ერგნეთში ჩაიფიქრეს.
გადავწყვიტეთ გაგვეგო, ვინ აუნთო “მწვანე შუქი” ოკუპირებული ტერიტორიის მიჯნაზე ვაჭრობის გაჩაღებას და რა იქნება შემდეგი ნაბიჯები. “ყაბზეგი ჰილსმა” ერგნეთში მიწის ნაკვეთები 2023 წლის ივნის-ივლისში შეიძინა:
- 168 736 კვ.მ ფართობის ორი მიწის ნაკვეთი სახელმწიფოსგან პირდაპირი მიყიდვის ფორმით იყიდა – 1 კვ.მ 1 ლარად;
- 2 670 კვ.მ გელა დოიჯაშვილისგან შეიძინა 5 200 ლარად – 1 კვ.მ 2 ლარად.

სანაცვლოდ, ჯალაბაძის კომპანიამ აიღო ვალდებულება, რომ ტერიტორიაზე სამი წლის ვადაში ააშენებდა და გახსნიდა კომერციულ სივრცეს თავისი ავტოსადგომით. ამ ყველაფერში კი 6 მილიონი ლარის ინვესტიციას ჩადებდა.
“უზრუნველყოს ქონების (თითოეული მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის) განვითარება (რაც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს) კომერციული (მათ შორის, სასაწყობე/სავაჭრო) დანიშნულების ფართ(ებ)ის აშენებასა და ფუნქციონირების დაწყებას, არანაკლებ 200 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომის მოწყობას, ასევე, შესაბამისი შენობა-ნაგებობ(ებ)ის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ექსპლუატაციაში მიღებას) ”, – ვკითხულობთ ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს “ყაზბეგი ჰილსს” შორის 2023 წლის ივლისში დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში.
ქონების ეროვნული სააგენტოსგან გვაინტერესებდა, რის საფუძველზე გააფორმეს ნასყიდობის ხელშეკრულება და თუ ამონიტორინგებენ, რა ვალდებულებები შეასრულა “ყაზბეგი ჰილსმა” ამ დროისთვის. პრესსამსახურმა მხოლოდ ის დაგვიდასტურა, რომ ამ ხელშეკრულების საფუძველი მთავრობის განკარგულებაა. თუმცა, მისი ნახვის საშუალება არ გვაქვს. მთავრობა 2023 წლის განკარგულებებს არ აქვეყნებდა. მაინც ვცადეთ და ეს დოკუმენტი ქონების ეროვნული სააგენტოსგან გამოვითხოვეთ, თუ ამ ინფორმაციას მოგვაწვდიან, მასალას შესაბამისად განვაახლებთ.
როგორც უკვე ვახსენეთ, კომპანიას კომერციული ობიექტი ე.წ საზღვართან სამ წელში უნდა გაეხსნა. ანუ, ვადა 2026 წლის ივლისში ეწურება. თუმცა, ახლა იქ არაფერი ხდება, ტერიტორია ხე-მცენარეებითაა დაფარული და შემოღობილიც კი არ არის. (ყოველ შემთხვევაში, ასე ჩანს სატელიტურ რუკაზე. ფიზიკურად იქ მისვლა და დათვალიერება ვერ მოვახერხეთ, რადგან ქართული მხარის ბლოკპოსტის მიღმაა მოქცეული). გამოდის, პროექტი დროებით გაყინულია, მაგრამ ე.წ საზღვრის მომიჯნავე ნაკვეთი ისევ კომპანიის ხელშია და ნასყიდობის ხელშეკრულებაც ძალაშია.

ჯალაბაძის კომპანიას რომ ვაჭრობასთან დაკავშირებული მიზნები აქვს, მის წესდებაშიც ჩანს. რეესტრში “ყაზბეგი ჰილსის” ოფიციალურ საქმიანობად მითითებულია, მაგალითად, საბითუმო და საცალო ვაჭრობა, ადგილობრივი და საერთაოშორისო გადაზიდვები, ხე-ტყის, ლითონების, ნავთობის და ნავთობპროდუქტების რეალიზაცია.
რა ბიზნესგეგმები აქვს ერგნეთში, ამის გასარკვევად თავად გიორგი (გივი) ჯალაბაძეს დავუკავშირდით. მისი ნომერი გამორთულია, ამიტომ კითხვები “ვოთსაფის” აპლიკაციით გავუგზავნეთ. ჯერჯერობით, პასუხი არ დაუბრუნებია.
არც გორის მერიიდან ისმის რაიმე. მათ ორი კვირის წინ ვთხოვეთ, რომ გამოეგზავნათ ყველა ის დოკუმენტი, რომელიც “ყაზბეგი ჰილსმა” მიაწოდათ, მშენებლობის ნებართვის მოსაპოვებლად. ინფორმაციის მიღება ვცადეთ ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროსგანაც, თუმცა წერილზე არც მათ უპასუხიათ.
მიწის ნაკვეთი, რომელიც ახლა გიორგი ჯალაბაძის კომპანიას ეკუთვნის, 2022 წლის ივნისიდან სექტემბრამდე სს “საპარტნიორო ფონდის” (ახლანდელი სს საქართველოს განვითარების ფონდი) კაპიტალში იყო. ამ ორგანიზაციის მიზანი სახელმწიფო ქონებაზე კერძო ინვესტორების მოზიდვაა. ფონდს ვკითხეთ, რას გეგმავდნენ ამ ტერიტორიაზე და თუ ამ ინფორმაციას მოგვაწვდიან, განახლებულ სტატიაში ავსახავთ.
დე ფაქტო საზღვართან ვაჭრობის რისკები
ამ ამბავზე საოკუპაციო ზოლის 7 სოფელში, ჯამში, დაახლოებით, 30 ადამიანს ვესაუბრეთ. არავის გაუკვირდა, ერგნეთის მიწის გასხვისებაზეც იცოდნენ და იქ ბაზრის აღდგენის ჩანაფიქრზეც. მათი ნაწილი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ე.წ საზღვრის პირას ვაჭრობის გამართვას – ბრაზით და გაკვირვებით ამბობდნენ, მაგაზე ლაპარაკიც როგორ შეიძლება, იმათ აღიარებას ნიშნავს და იმედია, მხოლოდ ჭორიაო.
მოსახლეობის ნაამბობს მათი ვინაობის გამხელის გარეშე გთავაზობთ:
“ეგ თემა გაჩერებულია, ვერ განახორციელებენ. მაშინ უნდა აღიარო ცხინვალი, რომ ჩვეულებრივ ვაჭრობა გქონდეს. არ გვაწყობს, ვის აწყობს? როგორ უნდა გაუხსნა ცხინვალს ბაზარი აღიარების გარეშე?”;
“ჩვენი გაჭირვება გვირჩევნია, ვიდრე მაგათთან მონები ვიყოთ”;
“აღიარებას ნიშნავს, როგორ შეიძლება […] მაშინ თქვი, რომ რუსეთისკენ მივდივართ, გამოაცხადე რომ მივდივართ. თუ ევროპას იძახი…”;
“აზრად როგორ მოუვიდათ, ვერ ვხვდები. თუ დაგვიბრუნებენ სამაჩაბლოს, აშენდეს! ხალხი არ იქნება უკმაყოფილო, მაგრამ თუ ყველაფერი ისე იქნება, როგორც დღეს არის და ბაზარი აშენდება, ვის უნდა?! უბრალოდ, რა სტატუსი უნდა მიეცეს? თუკი ჩვენი ტერიტორიები დაბრუნდება, მაშინ ბაზარიც ააშენონ და ახალი ქალაქიც. ამ აზრისაა უმეტესი ხალხი”;

იყვნენ ისეთებიც, ბაზრის აღდგენას რომ ემხრობოდნენ და ნოსტალგიით იხსენებდნენ, ოსებთან დალაგებულ, კეთილმეზობლურ ურთიერთობას სწორედ ამ ბაზრის გამო:
“იქ [ცხინვალში] ბოსტნეული, ხილი, არ არის… შემოიტანენ ყველაფერს – ზეთი, კალბასი, შაქარი… იაფია, რუსეთში რომ იაფია, არ იცი?”
“ძალიან იაფობა იყო ნებისმიერ რამეზე, რომ გადახვიდოდით… ახლა კი იცით აქ რა ამბებია […] ალბათ, იქეთ [რუსეთთან] შეთანხმდებიან, თორემ ისე რა აზრი აქვს ხარჯის გაღებას, თუ არ გამოიტანეს…”
ადგილობრივებმა ინვესტორის ვინაობაც იცოდნენ. გვითხრეს, ბიზნესმენი გივი ჯალაბაძე აპირებდა, მაგრამ ახლა გაქცეულიაო. “აი, ფაქტს” კიდევ ორი წყარო ეუბნება, რომ ჯალაბაძე, სავარაუდოდ, ევროპაში, საფრანგეთშია წასული.
ერგნეთის ბაზრობის აღდგენის იდეა კონფლიქტის ზონის სოფლებში ალაგ-ალაგ ყოველთვის ისმოდა. იხსენებენ, რომ ეს ივანიშვილის გუნდის დაპირება იყო, ჯერ კიდევ 2012 წელს, თუმცა საკითხი განსაკუთრებით აქტუალური 2-3 წლის წინ გახდაო.
კონფლიქტოლოგებს ვკითხეთ, რას მოგვიტანს ამ პროექტის სისრულეში მოყვანა, როგორ დააზიანებს საქართველოს და როგორ წაადგება რუსეთს. მათი თქმით, მთავარი საფრთხე საოკუპაციო ზოლთან ტვირთების მოძრაობა და მებაჟეების განლაგებაა. როგორც გვიხსნიან, არსებობს ორი სცენარი, ორივე იურიდიულად გაუმართლებელი და საჩოთირო:
სცენარი 1: თუ ქართველი მებაჟეები განლაგდებიან სოფელ ერგნეთში, ჯალაბაძის ნაკვეთზე, ეს ნიშნავს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან შემოსულ საქონელს უცხო ქვეყნიდან შემოსულად მივიჩნევთ. შედეგად, უსამართლოდ გავლებულ საოკუპაციო ზოლს სახელმწიფო საზღვრის სტატუსს ვანიჭებთ.
სცენარი 2: თუ ქართველი მებაჟეები განლაგდებიან არა ცხინვალში ან ერგნეთში, არამედ როკის გვირაბთან, რუსეთ-საქართველოს იურიდიულ საზღვართან, ეს ნიშნავს, რომ ოკუპანტი მხარე დათმობაზე მოდის. ანუ, რუსეთი აღიარებს საქართველოს კონტროლს ე.წ სამხრეთ ოსეთზე, რაც არარეალისტურად ჟღერს. როგორც ზურა წურწუმია ამბობს, მაშინ სასწაული უნდა მოხდეს…
“თუ ტვირთი შემოვა რუსეთიდან და ამას ჩვენი ხელისუფლება დათანხმდება ისე, რომ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, როკის გვირაბთან არ იდგებიან ჩვენი მესაზღვრეები, ან არ იქნება შეთანხმება, რომ ნეიტრალური საერთაშორისო კომპანიები ჩადგებიან და გააკონტროლებენ საზღვარს, მაშინ ეს ნიშნავს ლეგიტიმაციის მიცემას ოკუპირებული ტერიტორიებისთვის. ამ შემთხვევაში, უშუალოდ ტერმინალი ზედ საოკუპაციო ხაზზე აშენდება, იმათ კონტროლირებადზე თუ ჩვენ კონტროლირებადზე, უკვე უმნიშვნელო ტექნიკური დეტალია. მთავარი ზიანი უკვე მიყენებული იქნება, თუკი ჩვენები უარს იტყვიან საზღვრის გაკონტროლებაზე და როკით შემოსული პროდუქტის რეგისტრაციაზე[…]”,- გვიხსნის კონფლიქტოლოგი და მკვლევარი ზურაბ წურწუმია. მისი თქმით, ეს ამბავი უკრაინასთან ომმა უფრო აქტუალური გახადა. სანქციებისგან თავის დაძვრენის მიზნით, რუსეთმა ძველი სატრანზიტო გზების აღდგენა ჩაიფიქრა, აფხაზეთს შესძინა ახალი ფუნქცია და დანიშნულება, ახლა კი ჯერი ცხინვალზეა.
კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი გვიხსნის, რომ თუ ეს ბაზარი აღდგება, ტვირთი აუცილებლად რუსეთიდან წამოვა, რადგან ცხინვალში არაფერს აწარმოებენ ისეთს, აქეთ რომ გაყიდონ: “თუ საზღვრის კვეთა დაფიქსირდება ერგნეთში და ენგურში, რუსეთი ამით ამბობს, რომ ეს ორი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და თავიანთი საზღვრები აქვთ. ის გეუბნება, რომ ჩემთვის საზღვარი არის საქართველოსა და ე.წ სამხრეთ ოსეთს შორის, ამიტომ ტვირთების გასატარებელი ინფრასტრუქტურაც აქ უნდა მოეწყოს. როგორც არის ლარსზე და ყველაზე სხვა ოფიციალურ საზღვარზე. აი, ეს უკვე ნიშნავს აღიარებას. ცხინვალიდან რა პროდუქცია უნდა გამოვიდეს ისეთი, რომელსაც ინფრასტრუქტურის მოწყობა დასჭირდება? აბსურდია. არაფერი იქ არ იწარმოება. ოსური ყველი იყო ძალიან კარგი, მაგრამ ისიც მცირდება. სოფლები იცლება და ყველაფერი დეფიციტურია. პირიქით, ყველაფერი რუსეთიდან შეაქვთ, ჩრდილო კავკასიაშიც გაიმართა მეურნეობები, გაკეთდა პლანტაციები, ბაღები… ამიტომ, ცხინვალში არაფერი აქვთ თავისი”.
ზურაბ ბენდიანიშვილი და ზურაბ წურწუმია ფიქრობენ, რომ თუ ბაზარი მართლა გაიხსნა, ის პირდაპირ წინააღმდეგობაში მოვა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონთან და “ქართულ ოცნებას” მისი ცვლილება მოუწევს,მაგალითად, ნორმატიული აქტით.

გიორგი ჯალაბაძის გავლენები და კავშირი “ქართულ ოცნებასთან”
გიორგი, იგივე გივი ჯალაბაძე, წარმოშობით ე.წ საზღვრისპირა სოფელ ქორდიდანაა. საჯარო წყაროებში მისი სახელი და გვარი, დაახლოებით, 10 წლის წინ ჩნდება. 2016 წელს “ქართულ ოცნებას” 25 000 ლარი შესწირა. 2017 წლიდან რეესტრში მისი ძირითადი კომპანიები გამოჩნდა და აქტიური ბიზნესსაქმიანობა დაიწყო.
“ქართული ოცნების” ხელისუფლებას და ჯალაბაძეს შეხმატკბილებული ურთიერთობა ჰქონდათ. ბიზნესმენი პარტიას აფინანსებდა, სანაცვლოდ კი იღებდა პრივილეგიებს – მაგალითად, უპირობო აუქციონს და სახელმწიფო მიწებს პირდაპირი მიყიდვის ფორმით.
ამჟამად, “ყაზბეგი ჰილსის” გარდა კიდევ 10 კომპანიას ფლობს. მაგალითად, ჯალაბაძისაა:
- შპს “აგრო მოლი”, რომელიც გორის წმინდაწყლის ბაზრობას ფლობს. აქ 12 ჰექტარზეა გაშლილი კომერციული ფართები, კერძო ავტოსადგომი და სავაჭრო ცენტრი “გორგია”;
- შპს “ჰელსი”, რომელსაც გორის ცენტრალურ უბანში, სტალინის გამზირზე აქვს მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი “ჰელსი ჰოუმი” – თავისი სპორტული დარბაზით და საცურაო აუზით. ტერიტორიის ნაწილი კომპანიამ 2020 წელს სახელმწიფო აუქციონზე იყიდა; აუქციონი უპირობო იყო. კომპანიამ 499 კვ.მ მიწის ნაკვეთში 2020 წლის 4 თებერვალს 51 000 ლარი გადაიხადა, ანუ 1 კვ.მ-ში 102 ლარი;
- შპს “მივა ბილდერს”. ამ კომპანიამ სახელმწიფოსგან 5 ჰექტარი მიწის ნაკვეთი 2024 წელს პირობიანი აუქციონით იყიდა. სანაცვლოდ, აიღო ვალდებულება, რომ იქ 5 მილიონი ლარის ინვესტიციას ჩადებდა და მოაწყობდა – ავტობუსების და მძიმეწონიანი ტრანსპორტის გაჩერებას, სამედიცინო პუნქტს, სუპერმარკეტებს, 47 კვების ობიექტს, ბავშვთა გასართობ სივრცეს და 150 ადამიანზე გათვლილ მოსაცდელს; სამუშაოების ნაწილი 2026 წლის იანვარში უნდა დაესრულებინა, ნაწილი – 2027 წლის ზაფხულში, მაგრამ ჯერჯერობით, აქტიური სამუშაოების კვალი არ ჩანს;
- შპს “გურამიშვილი 5”, რომელიც გორში, იუსტიციის სახლთან 3872 კვ.მ მიწის ნაკვეთს ფლობს. ახლა იქ კერძო ავტო-სკოლა “რბოლა” არის გახსნილი.
- შპს “ვარსკვლავი” – სამშენებლო კომპანია, რომელსაც გორში ორი კორპუსი და ბაკურიანში, ტყისპირა მიწის ნაკვეთი აქვს. კომპანიის წილები ასე ნაწილდება: 90% – გიორგი ჯალაბაძე, 5 % – ლევან დუჩიძე, “კუდის”/ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონალური სამმართველოს უფროსი 2010-2012 წლებში; 5% – რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე დავით მურადაშვილი. 2017 წელს შპს “ვარსკვლავი” გიორგი ჯალაბაძემ და ოლიმპიურმა ჩემპიონმა გიორგი კანდელაკმა დააფუძნეს. სპორტსმენი ამ კომპანიის წილებს 2017-2022 წლებში ფლობდა. ჩემპიონი 2025 წლის სექტემბერში დააკავეს, არალეგალური სასმელების და უაქციზო სიგარეტის წარმოების გამო. მასთან ერთად დააკავეს ბიზნესმენ გიორგი ჯალაბაძის ძმა, ქართლოს ჯალაბაძეც. სამ თვეში, კანდელაკი და ჯალაბაძე სასამართლო დარბაზიდან გირაოთი გათავისუფლეს.
შპს “ვარსკვლავის” მაგალითზე მოგიყვებით, როგორ “ლაგდებოდა” გიორგი ჯალაბაძე “ქართული ოცნების” ხელისუფლებასთან. 2020-2021 წელს დევნილთა და განსახლების სამინისტრომ დევნილები შეასახლა გორის ორ კორპუსში – რუსთაველის და ჭონქაძის ქუჩებზე, ე.წ კომბინატის დასახლებაში. ორივე კორპუსი შპს “ვარსკვლავის” აშენებულია. სამინისტრომ ეს კომპანია პრივილეგირებულ პირობებში ჩააყენა, კონკურსი მოარგო და ჯამში 2,8 მილიონი აშშ დოლარი გადაუხადა. აი, როგორ:
ბაზრის კვლევისას, “ვარსკვლავმა” სამინისტროს შესთავაზა, რომ ბინას ჩააბარებდა 80 დღეში, 1 კვ.მ-ში კი 420 აშშ დოლარი დაუფასა. სამინისტრომ კონკურსი ორ თვეში გამოაცხადა იდენტური პირობებით – თქვა, რომ კორპუსის ჩაბარება სურდა არაუგვიანეს სამ თვეში. აუდიტის სამსახურის თქმით, მიწოდების ვადების შეზღუდვა აუცილებელი სულაც არ იყო და უსამართლოდ მოექცნენ სხვა მენაშენეებს, რომლებსაც კორპუსის ჩასაბარებლად 3 თვეზე მეტი დრო დასჭირდებოდათ.
სამინისტრომ ესეც არ იკმარა და “ვარსკვლავს” მოარგო კიდევ ერთი კონკურსი, რომლითაც რუსთაველის ქუჩის ბინები იყიდა. ამჯერად, შპს “ვარსკვლავისგან” 1 კვ.მ 470 დოლარად იყიდა, როცა სხვა კომპანია 1. კვ.მ-ში 50 დოლარით ნაკლებს სთავაზობდა. საბოლოოდ, სამინისტრომ ჯალაბაძისა და კანდელაკის კომპანიისგან ბინები ძვირად იყიდა და სახელმწიფო ბიუჯეტი 120 000 დოლარით აზარალა.
რაც შეეხება მისი ოჯახის ბიზნესსაქმიანობას, გიორგი ჯალაბაძის მეუღლე თეა მეტრეველი 6 კომპანიის მეწილეა. მათ შორისაა შპს “ჯი არ გრუპიც, რომელიც 2024 წლიდან რესტორან “ვილა პარკს” ფლობს.
გიორგი ჯალაბაძეს და მის ცოლს უძრავი ქონებაც მრავლად აქვთ – ჯამში 7 ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთები გორში, სოფელ კარალეთში, ქორდში და ბიისში. ასევე, კერძო სახლი და ბინები თბილისსა და ბაკურიანში.

გიორგი ჯალაბაძეს ახლო ურთიერთობა აქვს გორის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის, იოსებ მაკრახიძის შვილთან, ოფელია მაკრახიძესთან. ისინი ერთად ფლობენ 2 ჰექტარ მიწის ნაკვეთს ატენის ხეობაში, სოფელ ბიისში. ტერიტორია ბიისის გოგირდის წყლებთან მდებარეობს. 2025 წლის მარტში ადგილობრივი მედია “ქართლის ამბები” წერდა, რომ ჯალაბაძემ და მაკრახიძემ ბიზნესმენ პაატა მიქავასთან ერთად გორის მერიას ბიისის წყლებთან სასტუმროს აშენების ნებართვა სთხოვეს. ბიისში ჯალაბაძე ცალკეც ფლობს 3600 კვ.მ მიწის ნაკვეთებს.
პაატა მიქავა იოსებ მაკრახიძესთან ერთად შპს „იბოლიას“ მეწილეა. აღნიშნული კომპანია არაერთხელაა შემჩნეული სახელმწიფო ბიუჯეტიდან სარგებლის მიღებასა და ტენდერების მორგებაში.
ფაქტია, რომ გიორგი ჯალაბაძე ივანიშვილის გუნდთან “ხელი ხელს ბანს” პრინციპით ურთიერთობდა. ბაზრის გახსნის იდეაც ამ მთავრობის მიერ უნდა ყოფილიყო მოწონებული, სხვაგვარად, საოკუპაციო ზოლთან 17 ჰექტარ ტერიტორიას ვერ გადაიფორმებდა.
კონფლიქტოლოგები ფიქრობენ, რომ ეს ამბავი რუსეთის ერთიანი სცენარის ნაწილია, რომელიც აფხაზეთის და ე.წ სამხრეთ ოსეთის სათავისოდ გამოსაყენებლად და სატრანზიტო გზების გასახსნელად ჩაიფიქრა – საქმე ისაა, რა იქნება ამაზე “ქართული ოცნების” შემხვედრი პასუხი.
ზურაბ ბენდიანიშვილი ფიქრობს, რომ მოსკოვი ცალმხრივად იღებს გადაწყვეტილებებს და ცდის, რამდენად შორს შეუძლია წასვლა: “ტესტავენ ჩემი აზრით, ანუ სადამდე შეიძლება თავისი სუვერენიტეტი შეზღუდოს საქართველომ. იმიტომ რომ ამაზე თანხმობა ნიშნავს საქართველოს სუვერენიტეტის უკიდურესად შეზღუდვას, ტერიტორიულ მთლიანობაზე უარის თქმას, გაერთიანების პერსპექტივაზე უარის თქმას”.
“აი, ფაქტი” თვალს მიადევნებს, როგორ განვითარდება პროცესები ერგნეთში და განახლებული ინფორმაციით სტატიას მომავალშიც შემოგთავაზებთ.




