საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) ელექტროენერგიის ტარიფის დაზუსტებას მიმდინარე თვის ბოლომდე გეგმავს. როგორც მარეგულირებლის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, გასული წლის დეკემბერში დადგენილი ტარიფი დროებითი ხასიათის იყო, რადგან გარკვეული პარამეტრები დამატებით შესწავლას საჭიროებდა.
“მარეგულირებელმა უწყებამ გასული წლის დეკემბერში დაადგინა ელექტროენერგიაზე დროებითი ტარიფი, ვინაიდან ცალკეული პარამეტრები იყო დასაზუსტებელი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ამ პარამეტრების დაზუსტება“, – ამბობს სემეკის თავმჯდომარე.
მისივე თქმით, გადაწყვეტილება ტარიფის ცვლილებასთან დაკავშირებით თვის ბოლოსთვის გახდება ცნობილი, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, გაიზრდება თუ არა გადასახადი მომხმარებლებისთვის.
“როგორც კი დაზუსტდება, მიმდინარე თვის ბოლოსკენ მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. კონკრეტულად თუ რა მოუვა ტარიფს და რამდენად იქნება ზრდა, ამაზე გამიჭირდება პასუხის გაცემა, ვინაიდან შესაბამისი სამუშაოები ამჟამადაც მიმდინარეობს“, – განმარტა დავით ნარმანია.
კითხვაზე, ნამდვილად გადაიხედება თუ არა ტარიფი თვის ბოლოს, დავით ნარმანიამ დაადასტურა, რომ კომისია გადაწყვეტილებას სწორედ ამ ვადაში მიიღებს.
გასულ წელს სემეკი თვეების განმავლობაში ელექტროენერგიის გაძვირებას აანონსებდა და მიზეზად ინფრასტრუქტურის განვითარებას ასახელებდა. მოგვიანებით, დეკემბერში, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ელექტროენერგიის მოქმედი ტარიფების სამი თვით შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღო.




