“ქართული ოცნების” წევრები მომავალ კვირას, ევროპარლამენტში კოლეგებთან შეხვედრას გეგმავენ.
არსებული ინფორმაციით, “ოცნება” ევროპარლამენტში ოფიციალურად არ მიუწვევიათ. ამასთან, როგორც ირკვევა, საქართველოზე მომუშავე დეპუტატები ივანიშვილის გუნდის წევრებთან შეხვედრას არ გეგმავენ, შესაბამისად, სავარაუდოა, რომ “ოცნების” წევრები მათ მხარდამჭერ ევროპელ დეპუტატებს კერძო შეხვედრების ფარგლებში ეწვევიან.
დაველოდოთ, წინასწარ ამაზე განცხადებებს არ გავაკეთებ. დაველოდოთ, ვიზიტის დროსაც და შემდგომაც ჩვენ შევძლებთ განცხადებების გაკეთებას. წინასწარ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს. სადაც საჭიროა კრიტიკა, მით უმეტეს, როდესაც ვხედავთ უსამართლო დამოკიდებულებას საქართველოსადმი, რა თქმა უნდა, ამ კრიტიკას არ მოვერიდებით, მაგრამ ჩვენი თვითმიზანი ვინმეს კრიტიკა კი არ არის, ჩვენი თვითმიზანი არის, რომ ევროპამ საკუთარი თავი უკეთ მართოს,” – თქვა ლევან მახაშვილმა.
“ოცნების” წევრის, არჩილ გორდულაძის თქმით, ევროკავშირში არიან ადამიანები, ვისაც დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია და “უბრალოდ არავითარი აზრიც კი არ აქვს ნებისმიერ არგუმენტირებულ საუბარს”.
სამწუხაროდ, დღეს ევროკავშირის არ არჩეულ ბიუროკრატიაში არიან ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ საკუთარი, თვითონვე, დამოუკიდებლად რომ მიიღონ გადაწყვეტილებები, ისინი პირდაპირ მართულები არიან ძალებისგან, რომლებსაც ჩვენ გლობალური ომის პარტიას ვუწოდებთ, ხოლო აშშ-ის პრეზიდენტი “დიფ სთეითს“, შესაბამისად მათთან უბრალოდ არავითარი აზრიც კი არ აქვს ნებისმიერ არგუმენტირებულ საუბარს, ჩვენთვის მთავარია, რომ ნებისმიერ პლატფორმაზე, ნებისმიერ შემთხვევაში ისმოდეს სიმართლის ხმა,” – ამბობს არჩილ გორდულაძე.
ცნობისთვის, ზემოთ მოცემული კომენტარები მანამდე ჩაიწერა, სანამ ევროკავშირი დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას აამოქმედებდა.




