მედია: ხოჭო ხაჭაპურში, მატლები პაშტეტში, ობი სოსისში… – ციხეებში პატიმრებს უვარგის საკვებს აჭმევენ

ხოჭო ხაჭაპურში, მატლები პაშტეტში, ობი სოსისში… | რადიო თავისუფლების ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ციხეებში პატიმრებს უვარგის საკვებს აჭმევენ, რისთვისაც მილიონები იხარჯება. გამოცემა 2019-2025 წლებში ციხეებში კვების ხარისხის ანგარიშებზე დაყრდნობით წერს, რომ დაფიქსირებულია ათეულობით შემთხვევა, როდესაც ტუბერკულოზით და C ჰეპატიტით დაავადებულ პატიმრებს საკვები ან დააკლეს, ან/და შეუსაბამო საჭმლით შეუცვალეს. მათივე ცნობით, დოკუმენტები, რომლებსაც პენიტენციური სამსახური 4 წლის განმავლობაში მალავდა, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვეს
🔻 “აღმოვაჩინეთ, რომ პენიტენციურ სისტემას 2019 წლიდან ამარაგებს კომპანია, რომელიც ტენდერის პირობებს სისტემატურად არღვევს, ხელისუფლება კი ათეულობით მილიონ ლარზე კონტრაქტებს ისევ მას უფორმებს. […] 11 ათასზე მეტ პატიმარს და ციხეების დაახლოებით 1 800-მდე თანამშრომელს, ციხეების სასადილოებში საჭმელს “ილი ჯგუფი” უმზადებს. ეს კომპანია საქართველოს მასშტაბით 15-მდე პენიტენციურ დაწესებულებას ამარაგებს და ემსახურება. ყოველ წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული დაახლოებით 35 მილიონი ლარით “ილი ჯგუფმა” უნდა იყიდოს პროდუქტი და მოამზადოს საკვები პატიმრების, ბადრაგებისა და ციხეებს მიმაგრებული წვევამდელი სამხედრო მომსახურეებისთვის.
სახელმწიფოსთან გაფორმებული მრავალმილიონიანი ხელშეკრულების პირობით, კომპანიამ ნუტრიციონისტის მიერ შერჩეული მენიუსთვის უმაღლესი ხარისხის პროდუქტები: საქონლის ნედლი ხორცი, ნედლი და ახალი რძის პროდუქტები, ნატურალური კარაქი, ახალი, საღი ბოსტნეული და ხილი უნდა გამოიყენოს. კომპანია ასევე ვალდებულებას იღებს, რომ პატიმრებს ქრონიკული დაავადებებით (ტუბერკულოზი, დიაბეტი, ღვიძლის დაზიანება) დიეტური საკვები მოუმზადოს. ხელშეკრულებით დაწესებულია ჰიგიენის დაცვის სტანდარტებიც.
ამ პირობების დასაცავად, ბოლო, განახლებული ხელშეკრულებით, ერთი პატიმრის კვებაზე “ილი ჯგუფი” სახელმწიფო ბიუჯეტიდან დღეში დაახლოებით 9 ლარს (8,93) იღებს, ხოლო პენიტენციური სამსახურის ერთი თანამშრომლის კვებაზე 12 დან 26 ლარამდე – თანხა დამოკიდებულია თანამშრომლის სამსახურებრივ პოზიციაზე.
ყველაზე მეტს სახელმწიფო ესკორტის თანამშრომლების კვებაზე ხარჯავს – 1 კაცზე დღეში 26,4 ლარს. ახალი ხორცი, წვნიანი კერძები, ხარისხიანი მაწონი, ხაჭო, არაჟანი და კეფირი, საღი ბოსტნეულის და ხილის ულუფები, კომპოტი – ქაღალდზე პატიმრების და ციხეების თანამშრომელთა მენიუ მრავალფეროვანია, მაგრამ…” | წერს რადიო თავისუფლება
💬 “ქათმის ბარკლები მოდიოდა გაუსუფთავებელი, ბუმბულები ზედ ჰქონდა და ერთხელ დამპალიც მოვიდა… ხორცი… ისეთი ხორცი იყო, არ იჭმეოდა, მე მგონი, ძაღლიც ვერ შეჭამდა… კატლეტი იყო კი, ოღონდ ისეთი ქვასავით მოდიოდა, შანსი არ იყო მაგის ჭამის. რა კერძებიც ჩამომითვალეთ, ფორმალურად, მეტ-ნაკლებად იყო, მაგრამ უმრავლესობა არ იჭმეოდა. მაგათი საჭმელებიდან რასაც სულ ვიღებდით, იყო ლობიო – ოთხშაბათს და პარასკევს მოდიოდა – დანარჩენი ციხეში არაფერი არ იყო ნორმალური რა…” | უთხრა ერთ-ერთმა პატიმარმა გამოცემას